თარიღი: 27/12/2023

2023 წლის კატო მიქელაძის პრემია ალა პარუნოვას გადაეცა

2023 წლის კატო მიქელაძის პრემიის მფლობელი ქვიარ და ფემინისტი აქტივისტი, ალა პარუნოვა გახდა. 

ღონისძიებას წინ უძღოდა ერთწლიანი შესვენება, რომელიც ქალთა ფონდმა პრემიის დახვეწის, გაუმჯობესებისა და მხარდამჭერებისგან მიღებული რჩევების გათვალისწინებისთვის გამოიყენა. 

აღნიშნული ცვლილებების უკეთ განსახორციელებლად, 2023 წლის დაჯილდოება, ერთჯერადად, 22 დეკემბერს გაიმართა, თუმცა მომდევნო წლებიდან ის ტრადიციულად, ქალი უფლებადამცველების დღეს, 29 ნოემბერს ჩატარდება. 

2023 წელს პრემიაზე ნომინანტების უპრეცედენტოდ დიდი რაოდენობა იყო წარდგენილი, რომელთაგან 17 კანდიდატი ქალთა ფონდმა მოწვეულ ჟიურის წარუდგინა. ჟიურის წევრებად მოწვეული იყო კატოს პრემიის ყველა მფლობელი, რომელთაგანაც ხუთმა: ეკა სხილაძემ, ელისო რუხაძემ, ლია უკლებამ, მარიამ ქაჯაიამ და ხატია ღოღობერიძემ მოახერხეს გამარჯვებულის შერჩევაში მონაწილეობა. 

პრემიაზე წარდგენილები იყვნენ: 

-----------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------

ალა პარუნოვა (პრემიის მფლობელი)

ალა პროფესიით გენდერის მკვლევარია, საქართველოში მცხოვრები ეთნიკური უმცირესობის წარმომადგენელი და ქვიარ ფემინისტი აქტივისტი, რომელიც მრავალი წელია ჩართულია მწვანე და ქვიარ საკითხების აქტუალიზებისა და ადვოკატირების საქმეში. Ალა აქტიურად მონაწილეობს საპროტესტო აქციებში, ხშირად გამოდის სიტყვით, წერს ბლოგები, პოდკასტებს და სხვა. მისი პროფესიული საქმიანობაც მთლიანად ქალებისა და ქვიარ ადამიანების სხვადასხვა კუთხით მხარდაჭერასა და გაძლიერებას უკავშირდება. ის ამჟამად მუშაობს ორგანიზაციაში „თანასწორობის მოძრაობა“.

ალას ინიციატივითა და თაოსნობით განხორციელდა არაერთი მნიშვნელოვანი პროექტი, რომლებიც მიმართული იყო როგორც ქვიარ ადამიანების დახმარებაზე, ისე ახალგაზრდებში ქვიარ და ფემინისტურ საკითხებზე ცნობიერების ამაღლებასა და აქტივიზმში ჩართვაზე. ალა მწვანე აქტივისტია და აქტიურად ლობირებს გარემოსდაცვით საკითხებს, როგორც სხვადასხვა ღონისძიების ორგანიზებით, ისე აკადემიური კვლევებითა და საჯარო დისკუსიებით. ალა თავისი აქტივიზმით უპირისპირდება ყველა იმ პატრიარქალურ მექანიზმსა თუ ნარატივს, რომელიც უმცირესობებისა და მოწყვლადი ჯგუფების ჩაგვრისკენ და უგულებელყოფისკენ არის მიმართული. მისი აქტივისტური ბრძოლა, თუ პროფესიული საქმიანობა, ინტერსექციურია და ეხება სხვადასხვა ტიპის ჩაგვრას.

2023 წლის ზაფხულში ალა პარუნოვა იყო თანაორგანიზატორი ქალთა ფონდის მიერ ჩატარებული ფემინისტური ფესტივალისა, რომლის მთავარი თემაც მწვანე პოლიტიკა და გარემოსდაცვითი სამართლიანობა იყო. ამჟამად ის მუშაობს „თანასწორობის მოძრაობაში“, სადაც არაერთ პროექტშია ჩართული, რომელიც ქვიარ ადამიანების საჭიროებებს ეხება. Covid-19-ის პანდემიის დროს აქტიურად უწევდა კოორდინაციას ქვიარ თემისა და ქალების ყველა საჭირო სერვისით უზრუნველყოფას. ასევე, ალა, ჩართულია ისეთ საგანმანათლებლო პროექტების მენეჯმენტში, როგორებიცაა “ქვიარ აკადემია” და “ქვიარ საზაფხულო სკოლა”. ამ პროექტების ფარგლებში ახალგაზრდა ქვიარ ადამიანები ეცნობიან ერთმანეთს და ისმენენ ქვიარ ფემინისტურ საკითხებზე მნიშვნელოვან ლექციებს, რომელიც ხელს უწყობს მათ შემდგომ აქტივისტურ საქმიანობას, ასევე, იდეოლოგიურ და ინტელექტუალურ გაძლიერებას, საკუთარი თავისა თუ სხვა მოწყვლადი ადამიანების დასაცავად.

მის მიერ გამოქვეყნებულ პუბლიკაციებში ის აქტიურად საუბრობს და აკრიტიკებს იმ მიზოგინიურ, ქსენოფობიურ და ჰომოფობიურ პრაქტიკებს, რასაც პატრიარქალური საზოგადოებები იყენებენ ქალებისა და სხვა მოწყვლადი ჯგუფების ჩაგვრისთვის. ასევე, მისი თაოსნობით გამოიცა ჟურნალ “ეგალიტეს” მე-2 ნომერი, რომელში გამოქვეყნებული სტატიები ქვიარ და ფემინისტურ საკითხებს შეეხება. Ალა ყოველთვის გამოირჩევა მიმდინარე მოვლენებზე მკაფიო და ანალიტიკური საჯარო პოზიციით, რისთვისაც ის იყენებს სხვადასხვა სივრცესა და პლატფორმას არაპრივილეგირებული ჯგუფების უფლებრივი მგდომარებების გაუმჯობესებას. 

ანა ლობჟანიძე

ანა ლობჟანიძე UNDP Georgia-ში გენდერის მიმართულებით მრჩევლად მუშაობს.

ის ამ გუნდს გასული წლიდან შეუერთდა და მისი მიზანი კოლეგებთან ერთად გენდერული თანასწორობის მიმართულებით ოფისში სტანდარტის მაღალი ზრდა იყო. მისი დაუღალავი შრომის შედეგია ის, რომ UNDP-ს საქართველოს ოფისმა მოიპოვა ვერცხლის სერტიფიკატი UNDP-ის გლობალურ პროგრამაში #GenderSeal, რომელიც UNDP-ს წარმომადგენლობებს გენდერული თანასწორობის მიმართ ერთგულების მხრივ აფასებს. ეს სერტიფიკატი დასტურია იმისა, რომ საქართველოს წარმომადგენლობა განსაკუთრებულ მნიშვნელობას ანიჭებს გენდერული თანასწორობის მიღწევას როგორც ფართო საზოგადოებაში, ისე ორგანიზაციაში. ეს მიდგომა აისახება როგორც მენეჯმენტზე, ისე გარემოზე, პროგრამებსა და პროექტებზე, კომუნიკაციაზე, პარტნიორულ ურთიერთობებსა და კორპორაციულ პრაქტიკაზე. საქართველოს ოფისმა 30 ინდიკატორიდან 23 სრულად დააკმაყოფილა და მიაღწია 76%-ს (2021 წელს იგივე მაჩვენებელი 44.% იყო).

UNDP-ში გადასვლამდე ანა მუშაობდა საქართველოს სახალხო დამცველის აპარატში გენდერის დეპარტამენტის მთავარ სპეციალისტად, იქამდე 2011-2013 წლებში - ქალთა საინფორმაციო ცენტრში პროექტის კოორდინატორის ასისტენტად, მანამდე კი 2010-2011 წლებში UN WOMEN-ში ინტერნად/ასისტენტად.

მისი მთელი კარიერული გზა და პროფესიული ცხოვრება ქალების უფლებრივი მდგომარეობის გაუმჯობესებას და გენდერული თანასწორობის ზრდას ემსახურება. ანა გარდა სამუშაო გამოცდილებისა და მათ მიერ განპირობებული პროექტებისა, რომელიც ქალთა უფლებრივი მდგომარეობის და გენდერული თანასწორობის გაუმჯობესებას ისახავს მიზნად, მუდმივად, ყველა ფორმალურ თუ არაფორმალურ გარემოში მუშაობს ქალებთან, ესაუბრება მათ საკუთარ უფლებებზე, განუმარტავს მათ რომ ღირსება და უსაფრთხოება ადამიანის ფუნდამენტური უფლებებია და ისინი დაცული უნდა იყოს, ეხმარება ქალებს სხვადასხვა საყოფაცხოვრებო სირთულეების დაძლევაში.

დეა ერემაშვილი

დეა ერემაშვილი არის შშმ ქალი აქტივისტი, ბათუმის დამოუკიდებელი ცხოვრების ცენტრის თანადამფუძნებელი. ასევე, კონკრეტულად შშმ ქალებზე მომუშავე ორგანიზაციის, შშმ ქალთა ალიანსის, ხელმძღვანელი.

2023 წლიდან მუშაობს ყრუ არასრულწლოვანებისადმი განხორციელებული სექსუალური დანაშაულების გამოვლენისა და დამნაშავეთათვის პასუხისმგებლობის დასაკისრებლად, თანამშრომლობს საგამოძიებო ორგანოებთან და, გამოავლენს პოტენციურ მსხვერპლებს.

2022 წელს დეა ერემაშვილმა თავისი ადვოკატირებით მიაღწია იმას, რომ შშმ ახლად ნამშობიარებ ქალებს გადაეცემათ ერთჯერადი შშმ მშობლობის შემწეობა აჭარის რეგიონში.

თათა ბურდული

თათას მთავარი საქმიანობა გენდერის კვლევებთანაა დაკავშირებული. ინტერნეტში ბევრჯერ შევხვდებით მის პუბლიკაციებს, რომლებიც საკითხების ძალიან სიღრმისეული ცოდნითა და მაღალი ეთიკური სტანდარტით არის დაწერილი.

თათა ქალთა უფლებებზე ხშირად წერს, გენდერის კვლევების განვითარებას აქტიურად უწყობს ხელს. თათა ნამდვილად არის პროფესიონალებს შორის ის ერთ-ერთი გამონაკლისი, ვინც მუდმივად თვალს ადევნებს მსოფლიოში გენდერის კვლევების განვითარების ტენდენციებს და სამეცნიერო სტატიებს უწყვეტად ეცნობა. გარდა ამ მცდელობისა, ის ხშირად არის მომხსენებელი სხვადასხვა კონფერენციასა და ფორუმზე. საკითხები, რომლებსაც ის თავისი საქმიანობით ფარავს, არის: ქალთა ეკონომიკური გაძლიერება; გენდერის ნიშნით ძალადობა; ქალთა პოლიტიკური მონაწილეობა და სხვ.

2014 წელს თათა ბურდულმა ევროპის კოლეჯიდან (პოლონეთი) მოიპოვა მაგისტრის ხარისხი ევროპულ ინტერდისციპლინურ კვლევებში. 2021 წელს მან ასევე მიიღო სოციალური ფსიქოლოგის მაგისტრის ხარისხი ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტში. 2014-2022 წლებში "ჯეოველ რისერჩის" უფროსი მკვლევრის როლში, თათა მუშაობდა სხვადასხვა სოციალურ და ეკონომიკურ საკითხზე საქართველოში. თათას ასევე აქვს "თანამშრომლობისა და განვითარების ქსელი აღმოსავლეთ ევროპაში" (CDNEE) მუშაობის გამოცდილება. 2022 წლის სექტემბრიდან იგი ჰაინრიჰ ბიოლის ფონდის სამხრეთ კავკასიის რეგიონის თბილისის ოფისის გენდერის პროგრამის კოორდინატორია.

თამარ ფონიავა

თამ ფონიავამ დააარსა საქართველოში პირველი სექსუალური და რეპროდუქციული ჯანმრთელობის ფეისბუკ პლატფორმა. „სივრცე ქალური საუბრებისთვის“ წარმოადგენს დახურულ ფეისბუკ ჯგუფსა და ამავე სახელის ფეისბუკ გვერდს. ჯგუფი 5 წელზე მეტია არსებობს და უკვე აერთიანებს 100 000-ზე მეტ ქალს. ამ წლების განმავლობაში, თამ ფონიავა ქმნის სექსუალური და რეპროდუქციული ჯანმრთელობის შესახებ მასალას, მათ შორის, “ლაივ” ვიდეოებს გინეკოლოგთან, ფსიქოლოგთან და იურისტებთან ერთად. თამარის უდიდესი შრომისა და ენერგიის შედეგად, Space for Female Talk-ის საშუალებით, ქალებისთვის შეიქმნა უსაფრთხო სივრცე (“Safe Space”), რაც ათასობით ქალს დაეხმარა, მიეღო ინფორმაცია ტაბუდადებულ თემებზე: საკუთარი სხეულის, ჯანმრთელობისა და უფლებების შესახებ. თამმა, ასევე, ჯგუფის ბაზაზე შექმნა ფონდი: “ყველა ქალის ფონდი”. ფონდის მთავარი მიზანია სექსუალური და რეპროდუქციული ჯანმრთელობისთვის საჭირო სერვისების უზრუნველყოფა არაპრივილეგირებული კლასის ქალებისათვის. 

დღეისათვის თამ ფონიავამ, დონაციების დახმარებით, ასზე მეტ ქალს დაუფინანსა აბორტის პროცედურის სრული საფასური და სხვა გინეკოლოგიური სერვისები. თამის ინიციატივით შეიქმნა უფასო იურიდიული მომსახურებაც ძალადობა გამოვლილი ქალებისთვის, რომლებსაც ჯგუფშივე მყოფი მოხალისე იურისტები უწევენ დახმარებას. Covid-19 პანდემიის პერიოდში კი, მოხალისე HR სპეციალისტების დახმარებით, თამარმა დააორგანიზა ტრენინგ-ვორქშოფები და მრავალ ქალს დაეხმარა სამსახურის ძიებაში. თამ ფონიავა ფარმაცევტულ კომპანიებთან თანამშრომლობით ხშირად გასცემს მენსტრუაციულ პროდუქტებს: საფენებს, ტამპონებს, მენსტრუაციულ ჭიქებსა თუ ინტიმური ჰიგიენის პროდუქტებს საჩუქრად ჯგუფის წევრებისთვის. დღეისათვის “სივრცე ქალური საუბრებისთვის” საჯარო გვერდს 5 მილიონამდე ნახვა აქვს, ხოლო დახურულ ჯგუფში 100 000-ზე მეტი ქალია გაწევრიანებული. 

მიუხედავად იმისა, რომ თამ ფონიავაზე აქტიურად მიმდინარეობს ზეწოლა და მუქარა როგორც პირად, ისე სატელევიზიო სივრცეებში, ის მაინც განაგრძობს აქტიურად მუშაობას ადამიანის სექსუალობასთან დაკავშირებული ტაბუების წინააღმდეგ, ქალების გაძლიერებისთვის და სექსუალური და რეპროდუქციული ცოდნის გასავრცელებლად. თამარის საქმიანობამ საზოგადოებრივ ადგილებში სექსუალური ძალადობისა და შევიწროების შესახებ მასშტაბურ დიალოგს მისცა ბიძგი.

თეონა აბაშიძე

თეონა აბაშიძე ცხოვრობს აჭარის რეგიონში და მართავს ბათუმისა და ქობულეთის დღის ცენტრებს, სადაც მიუსაფარ ბავშვებს, ასევე ძალადობის მსხვერპლ ქალებსა და ბავშვებს შესაძლებლობა აქვთ ისარგებლონ თავშესაფრით, სოციალური მუშაკის სერვისით, სამედიცინო სერვისით (ხშირად თვითონ თეონას პირადი ხარჯით), იურიდიული სერვისით (ორგანიზაცია "საფართან" თანამშრომლობით), საკვებით, ტანსაცმლით და სხვა ნივთებით, რომელიც თეონას ინიციატივით გროვდება რეგიონის მასშტაბით და ურიგდება თავშესაფრის ბენეფიციარებს, ასევე მაღალმთიან აჭარაში მცხოვრებ ქალებსა და ბავშვებს. დღის ცენტრებში ყოველდღიურად ტარდება არაფორმალური განათლების ხელშემწყობი ლექციები და სემინარები, რომელსაც თეონას თხოვნით, სხვადასხვა დარგის სპეციალისტები ატარებენ. სამუშაო თემების ნაწილია მათ შორის ოჯახში ძალადობა, სექსუალური ძალადობა ქალთა მიმართ, განსაკუთრებული ყურადღება ეთმობა ფემინიზმის პრაქტიკულ გაგებას, გენდერულ როლებს ოჯახში, სოციუმში, განათლების მნიშვნელობას გოგონებისთვის. თეონა ზრუნავს იმაზე, რომ მიუსაფარი ბავშვებისთვის ხელმისაწვდომი იყოს საშუალო განათლება (არა ერთი სკოლიდან გარიცხული ბავშვი აღუდგენია დამამთავრებელ კლასებში), მათ შორის უმაღლესი განათლება (მუნიციპალური დაფინანსების მოპოვების მხრივ). ძალადობის მსხვერპლი ქალებისთვის, რომელთაც არ აქვთ სამუშაო გამოცდილება, უმაღლესი განათლება და იმყოფებიან მძიმე ეკონომიკურ პირობებში, ეხმარება მერიისგან ბინის ქირისთვის დაფინანსების მოპოვებაში, პროფესიულ გადამზადებაში. თეონამ არაერთხელ შეძლო ოჯახში ძალადობის მსხვერპლი ქალის ისე გაძლიერება, რომ შემდგომში ამ ქალებმა შეძლეს დამოუკიდებლად ცხოვრება, შვილების დაბრუნება და ყოფილი პარტნიორის მიმართ სამართლებრივი დავა. ერთ-ერთი ასეთი საქმე (ორგანიზაცია “საფართან” ერთად) იყო 2023 წლის მაისში, მაღალმთიან აჭარაში მცხოვრებ ახალგაზრდა ქალზე, რომელიც იყო ოჯახში ძალადობის მსხვერპლი, მეუღლის ოჯახმა სახლიდან გააგდო და ბავშვების ნახვას უკრძალავდნენ. ამჟამად იგი დასაქმებულია, შვილები მასთან ცხოვრობენ და ბათუმის საქალაქო სასამართლოში მიმდინარეობს ქონებრივი დავა ყოფილ მეუღლესთან.

ლელა გაფრინდაშვილი

ლელა გაფრინდაშვილი არის ფემინისტი, კატო მიქელაძის აღმომჩენი და მისი სახელის მზის შუქზე ამომტანი. ლელა გაფრინდაშვილის განსაკუთრებული დამსახურებაა, ზოგადად XIX-XX საუკუნის ქალი საზოგადო მოღვაწეების შრომისა და ბრძოლის ისტორიების ჩვენთვის გაცნობა. თითქმის 30 წელია, ლელა გაფრინდაშვილი ფემინისტური მოძრაობის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი და გამორჩეული ფიგურაა. გარდა ფემინისტური ცოდნის შექმნასა და გავრცელებაში მისი განსაკუთრებული წვლილისა, რაც მრავალი კვლევის, სტატიის, ნაშრომის ავტორობაში გამოიხატება, ფემინისტური მოძრაობაში ყოფნა ლელასთვის, უპირველესად, ნიშნავდა ყველაზე ჩაგრული ჯგუფების გვერდით დგომას, იქნებოდა ეს ქვიარ თემი, სტუდენტები, პატიმრები თუ მევახშეობის მსხვერპლი ადამიანები. ლელა გაფრინდაშვილისთვის მეინსტრიმული აქტივისტური ტენდენციების მიყოლა არასოდეს ყოფილა პრიორიტეტი და ყველაზე ნათლად ეს ქვიარ აქტივისტებმა დავინახეთ. მაშინ, როცა სრულიად მარტო ვიყავით ჰომოფობიასთან ბრძოლაში, ლელა იყო იმ რამდენიმე ადამიანს შორის, რომელიც ყოველთვის ერთგულ მეგობრად და თანამებრძოლად მიგვაჩნდა, გვეიმედებოდა და გვეიმედება, როგორც ხმა უსამართლობის წინააღმდეგ. საქართველოში ძალიან ცოტა არიან ფემინისტები, რომლებიც აკადემიურ და აქტივიზმის სფეროებს არათუ არ მიჯნავენ, არამედ საკუთარი მაგალითით ამტკიცებენ, რომ ეს ორი განუყოფელია ერთმანეთისგან. აკადემიური კვლევის თვალსაზრისით, ლელა ერთ-ერთი პირველია, ვინც ნათლად დაინახა რამდენად მნიშვნელოვანია ქალთა უფლებებისა და ფემინისტური აქტივიზმის ფესვების სიღრმისეული კვლევა. ის, როგორც მკვლევარი, 1990-იანი წლებიდან მუშაობს ქალების (საზოგადო მოღვაწეები, მეცნიერები, ხელოვანები) საარქივო დოკუმენტებისა და პუბლიკაციების ანალიზსა და მათ პოპულარიზაციაზე როგორც აკადემიურ, ისე სამოქალაქო სივრცეებში. ამავე პერიოდში, იგი იწყებს ქართულ კულტურასა და სამოქალაქო ცხოვრებაში კატო მიქელაძის და მისი თანამოაზრე ქალების წვლილისა და მნიშვნელობის გასაჯაროებას სალექციო კურსების, საჯარო გამოსვლებისა და პუბლიკაციების საშუალებით. კატო მიქელაძის, როგორც აქტივისტის, მწერლის, მთარგმნელისა და მეცნიერის სრულფასოვანი რეანიმაციის მიზნით, ლელა დღემდე აგრძელებს მუშაობას. ლელას წვლილი დასაფასებელია არა მხოლოდ იმის გამო, რომ მისი მრავალწლიანი თავდაუზოგავი შრომის შედეგად, ახალმა თაობამ ხელახლა აღმოაჩინა და შეაფასა ქვეყნის საჯარო ცხოვრებაში აქტიურად ჩართული ქალები, რომლებიც XIX-XX საუკუნის მიჯნაზე ცხოვრობდნენ და მოღვაწეობდნენ საქართველოში, არამედ იმის გამოც, რომ კვლევებზე დაფუძნებული სტატიები საფუძველს აცლის ქალთა უფლებებისა და ფემინიზმის, როგორც ქართული კულტურისათვის უცხო, „დასავლეთიდან თავს მოხვეული იდეოლოგიად“ წარმოჩენას. მისი კვლევები აჩვენებს, რომ პოსტსაბჭოთა ფემინისტური აქტივიზმი გააზრებული უნდა იყოს, როგორც საქართველოში განმანათლებლობის პროცესში ცალკეული ქალებისა და ქალთა ჯგუფების თავდაუზოგავი ბრძოლის შედეგად მიღწეული პროგრესი და დამოუკიდებლობის, უფლებებისა და დემოკრატიისთვის ბრძოლის ხანგრძლივი ტრადიციის გაგრძელება.

 ამ ისტორიისა და ცოდნის ლელას მიერ ეთიკური რეპრეზენტაცია კრიტიკულად მნიშვნელოვანია საქართველოში თანამედროვე ინტერსექციური ფემინისტური და საზოგადოებრივი კეთილდღეობის მიზნებისათვის აწმყოსა და მომავალში. ბევრი სხვა აქტივისტისა და ორგანიზებული ჯგუფისგან განსხვავებით, ლელას აქტივისტური საქმიანობის მნიშვნელოვანი ხიბლი სწორედ იმაშია, რომ ის არც „მეინსტრიმულ“ თემებს ეძებს და არც ფონდებისგან ნაკარნახევ დღის წესრიგს მიჰყვება. მისი პრიორიტეტები არასდროსაა შეზღუდული არც კონკრეტული ჯგუფებით და არც გეოგრაფიით. მისი აქტიური სამოქალაქო პოზიცია და მხარდაჭერა კი ყოველთვის მიმართულია მოწყვლადი ჯგუფების მიმართ, როგორიცაა ქვიარ თემი ან მაღალმთიან რეგიონში მცხოვრები ქალები. მისი ხმა ისმის მევახშეობის მსხვერპლი ადამიანების მხარდამჭერ აქციებზეც და სტუდენტურ თვითმმართველობასთან დაკავშირებულ ბრძოლაშიც.

ლეილა სულეიმანოვა

ლეილა სულეიმანოვა 23 წელზე მეტია აზერბაიჯანელ ქალთა კავშირის წევრი და თავმჯდომარეა. მისი საქმიანობა მიმართულია ქალთა უფლებებისა და ეთნიკური უმცირესობების უფლებების დაცვაზე.

განათლებით არის ფილოლოგი და გენდერის სპეციალისტი. ორგანიზაცია, რომელსაც ლეილა ხელმძღვანელობს, არის საქართველოს სახალხო დამცველთან არსებული ეთნიკური უმცირესობების ეროვნული საბჭოს წევრი და ასევე თანამშრომლობს საქართველოს ცენტრალურ საარჩევნო კომისიასთან. ლეილა სულეიმანოვა ძალადობის წინააღმდეგ ეროვნული კომიტეტის წარმომადგენელია ქვემო ქართლში. იგი უძღვება პროექტებს, რომლებიც მიზნად ისახავს საზოგადოებაში ტოლერანტული გარემოს შექმნას.

ლიოლია რაისიან

ლიოლია რაისიანი 11 წელია მუშაობს არასამთავრობო სექტორში, ეთნიკური უმცირესობების წარმომადგენელი ქალების და ახალგაზრდების გაძლიერებაზე, უფლებების დაცვაზე, ინტეგრაციაზე და ცნობიერების ამაღლებაზე.

მან 2020 წელს შეიქმნა ქალთა ორგანიზაცია "წინ ახალი შესაძლებლობებისკენ" სადაც 130 ზე მეტი ქალია გაერთიანებული.

ეს არის ყველაზე აქტიური ქალთა ორგანიზაცია ახალქალაქში, რომელმაც 2 წელიწადში 6 ზე მეტი პროექტი განახორციელა ქალთა გაძლიერებაზე, უფლებების დაცვაზე, ინტეგრაციაზე, შრომით უფლებებზე და ბევრ სხვა თემაზე.

ლიოლიამ წამოიწყო ადვოკატირების არაერთი წარმატებული კამპანია ადგილობრივ საჭიროებების თვითმმართველობამდე მისატანად.

ის სრულიად მოხალისეობრივად ეხმარება ადგილობრივ ქალებს საგრანტო აპლიკაციების წერაში, დასაქმებაში. გეგმავს სასწავლო ბანაკებს და ვიზიტებს, ცდილობს ცნობიერების ამაღლებას ადგილობრივებისთვის მათი უფლებების შესახებ.

ლია ტაბატაძე

ლია ტაბატაძე საქართველოს დაუნის სინდრომის ასოციაციის, სოციალური საწარმო ბაბალეს და გიგოს ფონდის დამფუძნებელია.

ის იყო პირველი მშობელი, რომელმაც საფუძველი ჩაუყარა ასოციაციას და შემდეგ სოც. საწარმოს და ფონდს. 13 წლის წინ, როდესაც მის შვილს, თეოდორას დაუდგინდა დაუნის სინდრომი, საქართველოში ინფორმაციის კრიტიკული დეფიციტი იყო.

ლია თავად შეუდგა მოკვლევას, სხვა დედების ძებნას, გააკეთა ფეისბუქ გვერდი და დაუნის სინდრომისა და თავისი შვილის შესახებ ხმამაღლა საუბრით დაიწყო სტიგმის წინააღმდეგ ბრძოლა.

მისი ბრძოლა ახალ ფაზაში გადავიდა ასოციაციის ჩამოყალიბების შემდეგ, როდესაც გარშემო შემოიკრიბა სხვა, მებრძოლი დედები. ასოციაციის დაარსების შემდეგ. თანამოაზრეებთან ერთად დააარსა სოციალური საწარმო ბაბალე, რომლის მთავარი მიზანი იყო დაუნის სინდრომის მქონე ადამიანებისთვის სამუშაო სივრცის შექმნა. შემდგომ კი, ასევე თანამოაზრეებთან ერთად დააარსა გიგოს ფონდი, რომელიც დაუნის სინდრომის მქონე ადამიანებს ჯანმრთელობის და სოციალური პრობლემების მოგვარებაში ეხმარება.

ლია იყო პირველი, რომელმაც შშმ ბავშვების დედები მოძებნა და მათ მხარდაჭერაზე, გაძლიერებაზე დაიწყო ზრუნვა. მისი ინიციატივით შეიქმნა დაუნის სინდრომის მქონე დედების დახმარების ცენტრი, სადაც დედები ფსიქო ემოციურ დახმარებას იღებდნენ და დღემდე იღებენ. ასევე იღებენ ინფორმაციას ყველა იმ სერვისის და პროგრამის შესახებ, რაც მათი შვილებისთვის აუცილებელია.

ლიას ინიციატივით შეიქმნა პროგრამა "შვიდი პლიუსი", რომლის მიზანია დაუნის სინდრომის მქონე ბავშვთა და მოზარდთა დამოუკიდებელი ცხოვრებისთვის მომზადება, სადაც ხდება მათი რესურსების ადეკვატური შეფასება, იმ უნარ-ჩვევების შესწავლა რაც საჭიროა ყოველდღიურ ცხოვრებაში, პროფესიის არჩევა და კიდევ მრავალი სხვა.

ლიას მიერ გაძლიერებულმა დედებმა მოახერხეს და ოჯახის გადაწყვეტილებით მიტოვებული დაუნის სინდრომის მქონე შვილები დაიბრუნეს, ფეხზე დადგნენ და თავად ზრდიან მათ.

ლია ასევე აქტიურად იბრძვის დაუნის სინდრომის მქონე გოგოების და ქალების რეპროდუქციული და სექსუალური ჯანმრთელობისთვის და უფლებებისთვის.

ლონდა თოლორაია

ლონდა თოლორაია არის ყოფილი სახელმწიფო ინსპექტორი და შინაგან საქმეთა სამინისტროს ადამიანის უფლებათა დაცვის დეპარტამენტის ყოფილი დირექტორი.

მანამდე ლონდა თოლორაია საქმიანობდა საქართველოს პროკურატურაში. ამჟამად არის არასამთავრობო ორგანიზაცია „კანონის უზენაესობის ცენტრის" ხელმძღვანელი.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ადამიანის უფლებათა დაცვის დეპარტამენტში მუშაობის განმავლობაში, ლონდა თოლორაიას ხელმძღვანელობით განხორციელდა შემდეგი რეფორმები/პროექტები: 1. დაინერგა რისკის შეფასების ინსტრუმენტი, რომელიც პოლიციის თანამშრომელს ქალთა მიმართ და ოჯახში ძალადობის განმეორების რისკის გაზომვაში ეხმარება; 2. დაინერგა შემაკავებელი ორდერის მონიტორინგის მექანიზმები; 3. დაიწყო გამომძიებელთა სპეციალიზაცია და გადამზადება; 4. მომზადდა საკანონმდებლო ცვლილებების პროექტი, რომლითაც გამკაცრდა პასუხისმგებლობა ოჯახში ჩადენილ ძალადობაზე; 5. მომზადდა საკანონმდებლო ცვლილებების პაკეტი მოძალადეებისათვის ელექტრონული ზედამხედველობის გამოყენებაზე; 6. მომზადდა საკანონმდებლო ცვლილებების პროექტი სქესობრივი დანაშაულის ჩამდენი პირებისათვის სასჯელის გამკაცრებასა და მოძალადეთა ელექტრონული რეესტრის შექმნის შესახებ; 7. შეიქმნა საზოგადოებრივ ადგილებში ჩადენილი სექსუალური შევიწროების აღსრულების ინსტრუმენტები. აღნიშნული რეფორმების შედეგად ერთი მხრივ, გაიზარდა ძალადობის თაობაზე სამართალდამცავი უწყებებისადმი მიმართვიანობა, ხოლო მეორე მხრივ, დაიხვეწა ქალთა ძალადობისგან დაცვის მექანიზმები.

მზეო კანდელაკი

მზეო არის ფემინისტური ქალთა და გოგონათა გაძლიერებაზე მიმართული ორგანიზაცია "ფუსფუსის" დამფუძნებელი.

მისი საქმიანობის შედეგად ქალებს საშუალება აქვთ, პანდემიის დასაწყისიდან - დღემდე, უფასოდ შეისწავლონ ციფრული და სხვა ტიპის პროფესიები დისტანციურად.

ამ კურსების საშუალებით, უამრავმა სოფლად მცხოვრებმა ქალმა მიიღო განათლება თანამედროვე პროფესიებში. დისტანციურ კურსებს შორის არის: ციფრული უსაფრთხოების, გრაფიკული დიზაინის, პროექტის მართვისა და კოდინგის კურსები.

ამჟამად მზეო და მისი თანაგუნდელები რეგიონებში ქალებს ფიზიკურ, ემოციურ და კიბერ უსაფრთხოებას ასწავლიან ფსიქო-ემოციური და ფიზიკური თავდაცვის ინოვაციური კურსის ფარგლებში, რისი ცოდნაც ქალებს ძალიან მინიმალურად აქვთ.

მათი მიზანია გენდერული ნიშნითა და სექსუალური ძალადობის შესახებ ცნობიერების ამაღლება და ქალთა გაძლიერება შევიწროებისა და ძალადობის თავიდან ასარიდებლად.

მორეტა ბობოხიძე

​​მორეტა ბობოხიძე ბრიტანეთის მთავრობის სტიპენდიატია (Chevening) და მაგისტრის ხარისხი მიიღო სისხლის სამართლის მართლმსაჯულებასა და პენოლოგიაში 2015-2016 წწ., შოტლანდიაში. 2019-2022 წლებში მორეტა იყო სახალხო დამცველთან არსებული ეროვნული პრევენციის მექანიზმის ექსპერტი. მორეტა თანამშრომლობდა არასამთავრობო ორგანიზაციების კოალიციასთან და მონაწილეობდა მთავრობის ადამიანის უფლებათა სამოქმედო გეგმების (2015-2016 და 2018-2020 წ.წ.) შესრულების ანალიზის შემუშავებაში. 2016 და 2017 წლებში იყო სამართლის და არჩევნების ანალიტიკოსების ადგილობრივი მრჩეველი საქართველოში. 2019 წელს უზენაესი სასამართლოს მოსამართლეების შერჩევის პროცესის მონიტორი და 2020 წელს გახლდათ გრძელვადიანი დამკვირვებელი ამერიკის შეერთებულ შტატებში პრეზიდენტის არჩევნებზე. მორეტამ განახორციელა არაერთი პროექტი მსჯავრდებულ ქალთა რეაბილიტაციის მიზნით. 2010 წელს, მორეტას ინიციატივით და ნორვეგიის იუსტიციის მინისტრის ფინანსური მხარდაჭერით, აშენდა დედათა და ბავშვთა კორპუსი, რის შედეგადაც მათი პირობები საგრძნობლად გაუმჯობესდა. 2011-13 წლებში, მორეტა აქტიურად იყო ჩართული N5 პენიტენციურ დაწესებულებაში ქალთა ბიბლიოთეკის მოწყობის პროცესში, რომელიც წარმატებით დასრულდა და დღემდე ერთ-ერთი მნიშვნელოვანი სივრცეა ქალი მსჯავრდებულებისთვის. 2016 წელს, მორეტამ განახორციელა პროექტი, რომელიც მიზნად ისახავდა ახალგაზრდა ქალების ჩართულობას საარჩევნო ღონისძიებებში. განსაკუთრებული აქცენტი გაკეთდა ეთნიკურად სომეხ და აზერბაიჯანელ გოგოებზე და ქალებზე, რომლებმაც გაიარეს ტრენერთა ტრენინგი და არაერთი ღონისძიების ორგანიზება მოახერხეს თავიანთ რეგიონებსა და თემში. 2018 წელს მორეტა მიწვეული იყო ძალადობისგან დაცვის ეროვნულ ქსელში, ქალთა უფლებების ექსპერტად, 2020 წელს, მორეტამ შეიმუშავა ტრენინგ მოდული და გადაამზადა ქალთა უფლებებზე მომუშავე არასამთავრობო ორგანიზაციების კოალიცია ჩრდილოვანი ანგარიშების მომზადების, გაეროს და ევროსაბჭოს სტრუქტურებში მათი წარდგდენის მიმართულებით, ორგანიზაცია ჰერა XXI-ის დაკვეთით. შედეგად, ექვსმა არასამთავრობო ორგანიზაციამ შექმნა ჩრდილოვანი ანგარიში და წარუდგინა UPR-ს მორეტა აქტიურადაა ჩართული ქალთა შრომითი უფლებების გაუმჯობესების საქმეში. გამოქვეყნებული აქვს რამდენიმე სტატია ქალთა ეკონომიკურ გაძლიერებაზე; ახორციელებს სწავლებას სხვადასხვა სამიზნე ჯგუფისთვის ქალთა უფლებების, სამუშაო ადგილზე სექსუალური შევიწროების, შრომით ურთიერთობებში დისკრიმინაციის და სხვა საკითხებზე, როგორც საქართველოში, ასევე მის ფარგლებს გარეთ. 2017-2019 წლებში, EBRD-ის მიერ დაფინანსებული პროექტის ფარგლებში, მორეტა იყო გენდერის ექსპერტი და მისი ჩართულობით, თბილისის ტრანსპორტის კომპანიამ, გადაამზადა და დაასაქმა ქალები ავტობუსების მძღოლების პოზიციებზე.

2021-2022 წლებში მორეტა მუშაობდა ეთნიკური და რელიგიური უმცირესობებით დასახლებულ რეგიონებში, სამუშაო ადგილებზე ანტიდისკრიმინაციული პოლიტიკის დანერგვა/პოპულარიზაციისთვის. ქალთა ფონდის ფინანსური მხარდაჭერით. კოლეგებთან ერთად მორეტამ შექმნა ანტიდისკრიმინაციული მექანიზმების შესახებ პრაქტიკული სახელმძღვანელო. 2022 წელს, Mercy Corps-ის SEAG პროგრამის ფარგლებში შექმნა გენდერული თანასწორობის სტრატეგია და სამოქმედო გეგმა სოციალური საწარმოებისთვის და ჩაატარა ტრენინგი ქალთა ჩართულობაზე სამეწარმეო საქმიანობაში. 2022 შვედეთში ადამიანის უფლებების ყოველწლიურ ფორუმზე, მორეტა იყო პანელისტი და ისაუბრა თემებზე „გენდერი ომის დროს“, ქალების როლი მშვიდობის მშენებლობაში. ასევე, 2022 წელს მორეტა გახდა GESI ექსპერტი USAID-ის პროგრამისთვის „დამსაქმებლები პროფესიული განათლებისთვის“ და ახორციელებს ქალთა და გოგონათა საჭიროებების ინტეგრირებას პროგრამებში. 2023 წელს კვლევით ორგანიზაციამ ACT, მორეტა მიიწვია ექსპერტად საზოგადოებრივი მომსახურებებით საქართველოს მოსახლეობის კმაყოფილების დონის კვლევა გენდერის და ლგბტ+ საკითხების კვლევაში ინტეგრირებისთვის. 2023 წელს მორეტა აირჩიეს Tbilisi Pride-ის გამგეობის წევრად. 2023 წლის აგვისტოში, მორეტა გახდა განვითარებისა და ჩართულობის პლატფორმის გენდერის ექსპერტი. მორეტა ბობოხიძე არის სხვადასხვა ეროვნული და საერთაშორისო პლატფორმების წევრი და ექსპერტი გენდერული თანასწორობის საკითხებში, სოციალური საწარმოს "ტექგოგოს" პროექტის ფარგლებში კი - ქალების მოწყვლადი ჯგუფების ეკონომიკური გაძლიერების მიმართულების ექსპერტი.

ნესტან ანანიძე

ნესტან ანანიძე ახალგაზრდა იურისტია, რომელიც თავის თემში, ზემო აჭარაში, ქალებისა და გოგოების მემკვიდრეობის უფლების, რეპროდუქციული ჯანმრთელობისა და სხვა ფემინისტური საკითხებისთვის იბრძვის. ნესტანი ხუთშვილიანი ოჯახის წევრია. მას შემდეგ, რაც სოფელი დატოვა და სკოლაში ხულოში შევიდა, მისთვის ბევრად მეტი რამ გახდა ხელმისაწვდომი, ვიდრე სოფელში. აქედან მოყოლებული იცის, თუ რას ნიშნავს არათანაბარ პირობებში ცხოვრება. სკოლაში სამოქალაქო განათლების მიღებისას დაიწყო იმის გააზრება, თუ რას ნიშნავდა ქალთა უფლებები, საშინაო, აუნაზღაურებელი შრომა. ამის მაგალითი შინ ჰყავდა - დედა, რომელიც ხუთ შვილს ზრდიდა და წარმოუდგენლად რთულ საშინაო შრომასაც ეწეოდა. სკოლის დასრულების შემდეგ ნესტანმა იურისტობა აირჩია. თავიდანვე გრძნობდა მიღებული ცოდნის გავრცელების პასუხისმგებლობას და ბოლო რამდენიმე წელია ქალებს მემკვიდრეობის უფლების, ოჯახში ძალადობის, განათლებისა და ჯანდაცვის სერვისების მიღების შესახებ უწევს კონსულტაციას. არის რამდენიმე კვლევის ავტორი, მათ შორის, მუსლიმი ქალების ქონებრივ უფლებებზე - მუსლიმურ ტრადიციებში. ამ კვლევის ფარგლებში ნათლად დაინახა მთიან აჭარაში მცხოვრები ქალების მდგომარეობა, მათ შორის მათი რეპროდუქციული უფლებების უგულებელყოფა. ნესტანი საუკეთესო მაგალითია იმისა, თუ როგორ შეიძლება აკადემიური შრომა და ცოდნა პრაქტიკულ აქტივიზმად აქციო. ეს განსაკუთრებით რთულია მაშინ, როდესაც ქალებთან სოფლად, და თანაც მთაში მუშაობ. ნესტანის მხარდაჭერა იმ გოგოებისა და ქალების მხარდაჭერაცაა, რომლებიც ზემო აჭარაში ცხოვრობენ და სიღარიბის, გენდერული და რელიგიური ნიშნით ხშირად განიცდიან შევიწროებასა თუ არსებობისთვის აუცილებელი სერვისების მიღმა დარჩენას. 

მას შემდეგ, რაც ხულოში გინეკოლოგიური კაბინეტი და სამშობიარო განყოფილება გაუქმდა და ქალების ჯანმრთელობის მდგომარეობა კიდევ უფრო დამძიმდა, ადგილობრივმა ექიმებმა დახმარებისთვის ნესტანისა და მისი მეგობრების შექმნილ ორგანიზაციას, “სოლიდარობის თემს” მიმართეს, რომელიც ზემო აჭარაში მცხოვრები ქალების, ეთნიკური, რელიგიური და სექსუალური უმცირესობების ინტერესებს იცავს. კაბინეტის არარსებობა ქალებს ძალიან ძვირი უჯდებათ, როგორც მატერიალურად, ისე ჯანმრთელობის კუთხით - უახლოესი გინეკოლოგიური კაბინეტი ბათუმშია, ცუდი გზა და რამდენიმე საათის დაგვიანებით მიღებული დახმარება ქალებისთვის, შესაძლოა, ლეტალურიც კი აღმოჩნდეს. ნესტანმა თანამოაზრეებთან ერთად მიმართა აჭარის ჯანდაცვის სამინისტროს, თუმცა შედეგი მხოლოდ საპროტესტო აქციების გამართვის შემდეგ დადგა, რასაც ნესტანი ხელმძღვანელობდა. პროტესტის შემდეგ ხულოში გინეკოლოგიური კაბინეტი და სამშობიარო განყოფილება აღდგა. ნესტანი, “სოლიდარობის თემის” სახელით, 2021 წლიდან რეპროდუქციულ ჯანმრთელობის საკითხებთან დაკავშირებით, იალაღებზეც კი არის ნამყოფი, სადაც ქალები რაიონულ ცენტრშიც კი ვერ ჩამოდიან ექიმთან ვიზიტზე. ამიტომაც, ნესტანს ექიმები და გინეკოლოგები მთაში რამდენიმე თვით მყოფ ქალებთან მიჰყავს. მხოლოდ ერთ ასეთ ვიზიტზე მათ 170-180 ქალს გაუწიეს მომსახურება. 

ნინო ბაისონაშვილი

ნინო ბაისონაშვილი “ფემინას” დამფუძნებელია. ორგანიზაცია ორიენტირებულია გენდერული და ოჯახში ძალადობის მსხვერპლი ქალების უფლებრივ, ფსიქოლოგიურ და ეკონომიკურ გაძლერებაზე.

ამავე სახელს ატარებს ნინოს მიერ დაარსებული ფონდიც, რომელიც ეხმარება მარტოხელა დედებს, სხვადასხვა პროფესიულ კურსებს სთავაზობს ქალებს, სტუდენტი ქალებისთვის აქვს სტიპენდიების პროგრამა, პრიორიტეტული მიმართულებებით - გენდერის კვლევა.

ნინო ასევე მუშაობს მედიაში ქალთა საკითხების ეთიკურად გაშუქების მიმართულებით, კონსულტაციებით ეხმარება არაერთ ჟურნალისტს. ნინო ბაისონაშვილი აქტიურობდა “ალტ-ინფოსა” და “ქართული მარშის” მიერ დაზარალებული ქალი ჟურნალისტების მხარდაჭერისა და იურიდიული კონსულტაციებით დახმარების საკითხშიც.

ნინო ჩიბჩიური

Ნინო ჩიბჩიური 2008 წლიდან დღემდე აქტიურად მუშაობს შიდა ქართლის რეგიონში ქალების გაძლიერებისთვის, განსაკუთრებული ფოკუსით ომით დაზარალებულ ქალებზე.

ის ეხმარება ძალადობაგამოვლილ ქალებს, მიიღონ საჭირო სერვისები და სხვადასხვა პროექტში ჩართვით ხელს უწყობს მათ გაძლიერებასაც.

Ნინო არის ევროკავშირის მშვიდობის პრიზის მფლობელი.

ამჟამად საოკუპაციო ხაზთან და დევნილთა დასახლებებში მცხოვრებ ქალებს უსაფრთხოების საკითხებს ასწავლის. კიბერბულინგისა და ტექნოლოგიებით განხორციელებული ძალადობის შემთხვევების თავიდან აცილების მიზნით, მან 50-მდე ქალი გადაამზადა.

სამირა ისმაილოვა

სამირა არის ეთნიკური უმცირესობების ქალების უფლებების ცნობილი დამცველი, განხორციელებული აქვს არაერთი პროექტი, რომელიც მიმართულია ახალგაზრდების, ქალების და შშმ პირებისათვის უკეთესი პირობების შესაქმნელად და თემში მათი გაძლიერებისა და ინტეგრაციისთვის. სამირა არის სამოქალაქო თანასწორობის პლატფორმის ხელმძღვანელი და თავდაუზოგავად მუშაობს სოფლად მცხოვრებ ქალებთან. მისი საქმიანობის ფოკუსია ახალგაზრდების მხარდაჭერა, ქალთა რეპროდუქციული და სექსუალური უფლებების დაცვა; სამირა წარმატებით არის ჩართული ბოლნისის მუნიციპალიტეტთან ადვოკატირების საქმიანობაშიც.

აღსანიშნავია, რომ სამოქალაქო თანასწორობის პლატფორმის წევრები ორგანიზაციის დაფუძნებამდე და დღესაც აქტიურად მუშაობენ, როგორც გოგონების და ქალების, ისე შშმ პირთა გაძლიერების მიმართულებით, ახორციელებენ შშმ პირთა და ახალგაზრდობის პრობლემებისა და საჭიროებების კვლევას, მათ იდენტიფიცირებას და ეხმარებიან გამოვლენილი პრობლემებისა თუ საჭიროების მოგვარებაში. მონიტორინგს უწევენ სახელმწიფო და მუნიციპალური პროგრამების მუშაობას და მათ ხელმისაწვდომობას. 

Ნომინანტების შესახებ ინფორმაცია მომზადებულია დამსახელებლის მიერ მოწოდებულ ინფორმაციაზე დაყრდნობით.

-----------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------

ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ცვლილება, რომელიც ქალთა ფონდმა დაჯილდოების ცერემონიას შემატა, არის სივრცის დათმობა და რესურსების მობილიზება ქალებისთვის, ვისაც ეს განსაკუთრებით სჭირდებათ. 

2023 წელს ეს ქალი იყო ქეთი წილოსანი, რომელსაც ცოტა ხნის წინ მთელი ლანჩხუთის ახალგაზრდობის მთავარი თავშეყრის, არაფორმალური განათლების, თანამოაზრეების პოვნის სივრცის, სოციალური საწარმოს “ქეთოსთან” დახურვა მოუწია. ის ახლა ფინანსურ რესურსებს აგროვებს თავისი საქმიანობის გასაგრძელებლად. 

შემოგვიერთდით ქეთის მხარდასაჭერად: ანგ. ნომრები: 

GE48BG0000000728652500 მიმღები: ქეთევან წილოსანი

GE64TB7776845064300012 მიმღები: ლილი ფულარიანი
 

კატო მიქელაძის პრემიის ღონისძიების მხარდამჭერები იყვნენ გაეროს განვითარების პროგრამაUNDP და Sigrid Rausing Trust, რომელთაც კატოს ახალი მფლობელისთვის ჯილდოები დააწესეს. 

კატო მიქელაძის პრემიისა და შეტანილი ცვლილებების შესახებ მეტის გასაგებად მიჰყევით ბმულს

კატოს იერსახის სრულად განახლებისთვის ქალთა ფონდი დიდ მადლობას უხდის მაგდა ბატიაშვილს. 

შევხვდებით მომავალ წელს!