კატო მიქელაძის პრემია 2023
ერთწლიანი პაუზის შემდეგ, კატო მიქელაძის პრემია ბრუნდება. 2023 წელს დაჯილდოვება გაიმართება 22 დეკემბერს.
გასული წლის განმავლობაში ქალთა ფონდმა საქართველოში მოწვეულ მრჩეველებთან ერთად იმსჯელა ყველა იმ გამოწვევასა თუ პრობლემურ საკითხზე, რაც დაჯილდოებას უკავშირდებოდა. ამ პროცესში გუნდმა 2021 წელს, დამოუკიდებელი მკვლევარის, ლელა ჯავახიშვილის მიერ ჩატარებული კვლევის შედეგების მიხედვით იხელმძღვანელა. მკვლევარმა ინდივიდუალური და ჯგუფური ინტერვიუები ჩაატარა 70-მდე აქტივისტთან, რომლებსაც სხვადასხვა დროს, სხვადასხვა ფორმით ჰქონიათ შეხება კატო მიქელაძის სახელობის პრემიასთან.
რა შეიცვალა?
- ფონდმა გადაწყვიტა გაეუქმებინა კანდიდატის ანონიმურად წარდგენის საშუალება, რაც პოტენციურად შესაძლოა წინააღმდეგობაში მოვიდეს თვითნომინირების აკრძალვასთან
- გაიმიჯნა კანდიდატის საქმიანობის სფეროები და გამოიყო რამდენიმე კატეგორიად
- შესაძლებელი იქნება როგორც ერთი, ისე რამდენიმე ადამიანის ერთდროულად დასახელება, ჯგუფური/კოლექტიური საქმიანობისთვის
- ყველა დასახელებული ფონდის მიერ არ იქნება წარდგენილი დაჯილდოვებაზე და შეირჩევიან მხოლოდ ის კანდიდატები, რომლებიც იზიარებენ პრემიის ღირებულებებს და სრულად აკმაყოფილებენ მის კრიტერიუმებს
- დაჯილდოვებამდე ფონდი უზრუნველყოფს შერჩეულ კანდიდატებთან საერთო შეხვედრას არაფორმალურ სივრცეში, სადაც მათ ექნებათ საშუალება ერთმანეთი გაიცნონ
- ჟიურისთან ერთად, გადაწყვეტილების მიღების პროცესში მონაწილეობას მიიღებენ თავად კანდიდატებიც, რომლებსაც ჯამში 1 ხმა ექნებათ და ანონიმურად დაასახელებენ ნომინანტს, რომელსაც გულშემატკივრობენ
- მეტი გამჭვირვალობისთვის, ჟიურის ვინაობა დაჯილდოების დღეს ცნობილი გახდება
- დაჯილდოვების ცერემონიალს დაემატება ფანდრაიზინგის ნაწილი და შეგროვილი თანხა სრულად მოხმარდება იმ ჯგუფს თუ მიზანს, რომელსაც დამსწრეებს წინასწარ გავაცნობთ
- სხვა ცვლილებებთან ერთად, პრემიის რებრენდინგის შედეგად, შევცვალეთ მისი ვიზუალი, ჯილდო, ბანერი და სხვა. ასევე გაიზარდა ფულადი ჯილდოს ოდენობაც
- სიმბოლური საჩუქარი გადაეცემა კატოს ახალი მფლობელის დამსახელებელსაც.
ნომინირების პირობები:
- კანდიდატის წარდგენა შეუძლია როგორც ორგანიზაციას, ისე ფიზიკურ პირს
- პრემია არ ითვალისწინებ თვითნომინირებას
- დასახელებული შეიძლება იყოს როგორც ცალკეული აქტივისტი, ისე აქტივისტების ჯგუფი, თუმცა არა ორგანიზაცია
- არ განიხილება ანონიმური და არასრულად შევსებული აპლიკაციები
დასახელების კრიტერიუმები
- კანდიდატი პირდაპირ უნდა იყოს ჩართული უფლებადაცვით საქმიანობაში
- ხელს უწყობდეს ქალთა, განსაკუთრებით, მოწყვლადი ჯგუფების, უფლებრივი მდგომარეობის გაუმჯობესებას
- ხელს უწყობდეს ფემინისტური ღირებულებების დანერგვა-გავრცელებას
- მიმდინარე წლის განმავლობაში აქტიურად იყოს ჩართული ქალთა უფლებების დაცვის საკითხებში
- საქმიანობდეს საქართველოში
- უნდა ჰქონდეს ფემინისტური აქტივიზმის გამოცდილება
- კანდიდატის აქტივისტურ საქმიანობას, დამსახელებლის გარდა, სულ მცირე 1 წყარო უნდა ადასტურებდეს
- მისი ღირებულებები უნდა იყოს თანხვედრაში კატო მიქელაძის პრემიის ღირებულებებთან
კატოს ახალ მფლობელს შეარჩევენ:
- ქალთა ფონდის თანამშრომლები - საერთო 1 ხმა
- ჟიურიში მოწვეული აქტივისტები - თითოეულს 1 ხმა
ფონდი მაქსიმალურად გამორიცხავს ჟიურიში მოწვეული აქტივისტების ინტერესთა კონფლიქტს ნომინანტებთან.
კანდიდატების წარდგენის ბოლო ვადაა 2023 წლის 20 ნოემბერი. საპრიზო თანხა შეადგენს 2,500 ევროს.
კანდიდატის წარსადგენად, გთხოვთ, სრულად შეავსოთ მოცემული ფორმა.