2019 წლის კატო მიქელაძის სახელობის ჯილდოს მფლობელი ჟურნალისტი ხატია ღოღობერიძე გახდა. მისი სტატიები ხშირად ეხება ქალთა უფლებებს. გასულ წელს ხატია აქტიურად აშუქებდა სექსუალური შევიწროვების ფაქტებს.
„ქალთა ფონდი საქართველოში“-ს გადაწყვეტილებით, წელს კატო მიქელაძის პრემიის თემა მოძრაობებს შორის თანამშრომლობა და თანაკვეთა იყო. ჯილდოზე წარდგენილი იყო 16 ქალი, რომლებიც მომიჯნავე სფეროებში მოღვაწეობენ, თუმცა მათი საქმიანობა მიმართულია ქალების უფლებრივი მდგომარეობის გაუმჯობესებისკენ.
ღონისძიებაზე თითოეულმა მათგანმა მოკლედ ისაუბრა საკუთარი საქმიანობის, ქალთა უფლებებთან თანაკვეთის, გამოცდილების, გამოწვევებისა და მიღწევების შესახებ.
დაჯილდოებაზე მისასალმებელი სიტყვა წარმოთქვა ლელა აქიაშვილმა, პრემიერ-მინისტრის მრჩეველმა ადამიანის უფლებების და გენდერული თანასწორობის საკითხებში. ხოლო პრემიის ახალ მფლობელს გამარჯვება მიულოცეს ლუიზა ვინტონმა, საქართველოში გაეროს განვითარების პროგრამის ხელმძღვანელმა, ერიკა კვაპილოვამ, გაეროს ქალთა ორგანიზაციის წარმომადგენელმა საქართველოში და ირინა ხანთაძემ, კონსულტაციისა და ტრენინგის ცენტრის დირექტორმა.
გამარჯვებულს გადაეცა საერთაშორისო ფემინისტური ფონდი - მამა ქეშის მიერ დაწესებული ფულადი ჯილდო, ხოლო გაეროს განვითარების პროგრამა უზრუნველყოფს მის დასწრებას გაეროს ქალთა სტატუსის შესახებ კომისიის სხდომაზე, რომელიც ნიუ იორკში 2020 წლის მარტში გაიმართება.
პრემია 2013 წელს „ქალთა ფონდი საქართველოში“-ს მიერ დაწესდა და მისი მხარდამჭერები არიან: გაეროს ორი სააგენტო - გაეროს განვითარების პროგრამა (UNDP) და გაეროს ქალთა ორგანიზაცია (UN Women), კონსულტაციისა და ტრენინგის ცენტრი CTC, საერთაშორისო ფემინისტური ფონდი - მამა ქეში და Sigrid Rausing Trust.
კატო მიქელაძის სახელობის პრემია მეოცე საუკუნის დასაწყისში მოღვაწე ქართველი ფემინისტის, აქტივისტისა და პუბლიცისტის, ქართული სუფრაჟიზმის ფუძემდებლის და ქალთა ემანსიპაციისათვის მებრძოლი ქალის სახელს ატარებს. პრემია 2013 წელს დაარსდა და მას შემდეგ ყოველწლიურად ერთ უფლებადამცველ ქალს გადაეცემა. დაჯილდოება ტრადიციულად ემთხვევა გენდერული ძალადობის წინააღმდეგ ბრძოლის 16-დღიან კამპანიას.