თარიღი: 04/12/2018

2018 წლის კატო მიქელაძის პრემიის მფლობელი იდა ბახტურიძე გახდა

2018 წლის კატო მიქელაძის სახელობის პრემიის მფლობელი იდა ბახტურიძე გახდა, ხოლო ნატა ტალიკიშვილს სპეციალური ჯილდო გადაეცა სამომავლო საქმიანობის მხარდაჭერისთვის.

კატო მიქელაძის პრემია „ქალთა ფონდმა საქართველოში“ 2013 წელს დააარსა და მას შემდეგ, ყოველწლიურად ჯილდოს გადასცემს ერთ უფლებადამცველ ქალს საქართველოში. წელს ფონდმა გადაწყვიტა აქცენტი ახალგაზრდა უფლებადამცველებზე გაეკეთებინა და ამ ფორმით ხელი შეეწყო მათი საქმიანობის ხილვადობისა და მხარდაჭერის გაზრდისთვის.

პრემიაზე ნომინირებულმა 14-მა კანდიდატმა ქალი უფლებადამცველების საერთაშორისო დღეს, 29 ნოემბერს გამართულ დაჯილდოების ცერემონიალზე მოკლედ ისაუბრა საკუთარი აქტივიზმისა და მიღწევების შესახებ. თითოეულ მათგანს ფონდისგან სამახსოვროდ დიზაინერ სოფო ბააკაშვილის მიერ სპეციალურად მათთვის დამზადებული გულსაკიდები გადაეცათ, ხოლო გაეროს განვითარების პროგრამამ და გაეროს ქალთა ორგანიზაციამ გამარჯვებულებისთვის ფულადი ჯილდო დააწესა. ღონისძიების მხარდამჭერები ასევე იყვნენ ჰოლანდიური ფონდი „მამა ქეში“ და „სიგრიდ რაუზინგ თრასთი.

ღონისძიებაზე სიტყვით გამოვიდნენ ლუიზა ვინტონი, საქართველოში გაეროს მუდმივი კოორდინატორი და გაეროს განვითარების პროგრამის მუდმივი წარმომადგენელი და პურნა სენი, გაეროს ქალთა ორგანიზაციის აღმასრულებელი კოორდინატორი სექსუალური შევიწროებისა და დისკრიმინაციის სხვა ფორმების აღმოსაფხვრელა, რომლებმაც კანდიდატებს წარმატებები უსურვეს.

მეოცე საუკუნის დასაწყისში მოღვაწე ქართველი ფემინისტის, აქტივისტისა და პუბლიცისტის, ქართული სუფრაჟიზმის ფუძემდებლის და ქალთა ემანსიპაციისთვის თავდადებული მებრძოლის, კატო მიქელაძის სახელობის პრემიის დაწესების უმთავრესი მიზანია ქალი უფლებადამცველების აღიარება და დაფასება, მათი მნიშვნელოვანი საქმიანობის შესახებ საზოგადოების ცნობიერების ამაღლება, ქალთა უფლებების დამცველთათვის უსაფრთხო სამუშაო გარემოს შექმნა და ახალგაზრდა თაობის წახალისება