2017 წლის კატო მიქელაძის პრემიის გამარჯვებული გახდა ქეთევან ხიდაშელი, გურიის რეგიონიდან.
2008 წელს ქეთევან ხიდაშელმა სოფელ დვაბზუში შექმნა საინიციატივო ჯგუფი „დვაბზუს ქალთა ცენტრი“, ხოლო 2010 წლიდან დააფუძნა ორგანიზაცია „ქალები რეგიონის განვითარებისთვის“
ქეთევანი აქტიურად ცდილობს ადგილობრივ თვითმმართველობაში დაიცვას მოწყვლადი ჯგუფების ინტერესები და მიაწვდინოს მათ ქალების ხმა. ის სხვადასხვა გზით ეხმარება ოჯახში ძალადობის მსხვერპლებს. ის და მისი ორგანიზაცია ამჟამად ოთხი მიმართულებით მუშაობს: 1. სათემო ფილანტროპია 2. ოჯახში ძალადობის პრევენცია 3. ახალგაზრდული პროგრამები 4. ადგილობრივ თვითმართველობასთან თანამშრომლობა.
პრემიის დაწესებიდან მეხუთე წელს, ქალთა ფონდმა საქართველოში გადაწყვიტა დაჯილდოების ფორმატი მცირედით შეეცვალა და განეხილა მხოლოდ ის აქტივისტები, რომლებიც რეგიონებში ცხოვრობენ და საქმიანობენ.
პრემიაზე ნომინირინებული იყო 15 ქალი, რომელთა ნაწილმა დაჯილდოების ცერემონიაზე საკუთარ საქმიანობაზე, დაბრკოლებებზე, მიღწევებსა და რეგიონებში არსებულ მდგომარეობაზე ისაუბრა.
ნომინანტების შესახებ მეტი ინფორმაციისთვის იხილეთ ბროშურა.
პრემიის ახალი მფლობელი 2016 წლის გამარჯვებულმა, ეკატერინე სხილაძემ დაასახელა. ქეთევან ხიდაშელისთვის ფულადი ჯილდო ჰოლანდიურმა ქალთა ფონდმა „Mama Cash”-მა დააწესა, ხოლო გაეროს განვითარების პროგრამა პრიზის სახით უზრუნველყოფს მის დასწრებას გაეროს ქალთა სტატუსის შესახებ კომისიის სხდომაზე, რომელიც ნიუ იორკში 2018 წლის მარტში გაიმართება.
მეოცე საუკუნის დასაწყისში მოღვაწე ქართველი ფემინისტის, აქტივისტისა და პუბლიცისტის, ქართული სუფრაჟიზმის ფუძემდებლის და ქალთა ემანსიპაციისთვის თავდადებული მებრძოლის, კატო მიქელაძის სახელობის პრემიის დაწესების უმთავრესი მიზანია ქალი უფლებადამცველების აღიარება და დაფასება, მათი მნიშვნელოვანი საქმიანობის შესახებ საზოგადოების ცნობიერების ამაღლება, ქალთა უფლებების დამცველთათვის უსაფრთხო სამუშაო გარემოს შექმნა და ახალგაზრდა თაობის წახალისება.
ღონისძიების მხარდამჭერები იყვნენ გაეროს ქალთა ორგანიზაცია, გაეროს განვითარების პროგრამა საქართველოში და ჰოლანდიური ფონდი „Mama Cash”.
იხილეთ დაჯილდოების ფოტოები