თარიღი: 24/07/2019

ფემინისტური ფესტივალი ბათუმში

წელს ქალთა ფონდის, რიგით მესამე, ფემინისტური ფესტივალი სოლიდარობას მიეძღვნა.

რატომ სოლიდარობას? სოლიდარობა, სიტყვა, რომელიც ყველამ ვიცით და ხშირად ვიყენებთ, უფრო ღრმა აზრისაა, ვიდრე ერთი შეხედვით ჩანს. სოლიდარობა არ არის მხოლოდ სხვისი განსხვავებულობის აღიარება (ეს ამ სიტყვის მხოლოდ ვიწრო გაგებაა), სოლიდარობა უფრო მეტია, ვიდრე მიმღებლობა, სინამდვილეში ეს აქტიური მდგომარეობაა, რომელიც ჩვეგან ჩაგვრის მთელი იერარქიის გააზრებას და შესაბამისად, კონკრეტული, შეთანხმებული ნაბიჯების გადაგმას მოითხოვს. ეს ფემინისტების საყვარელი სიტყვაა, რადგან ფემინისტური სოლიდარობა სივრცეს აფართოვებს ყველასთვის, კლასის, შეზღუდული შესაძლებლობების, სექსუალობის, სოციალური და იურიდიული სტატუსის მიღმა. ასეთი სოლიდარობა სჭირდება დღეს საქართველოში ქალთა მოძრაობას.

ჩვენ დღეს ინტერსექციური სოლიდარობა გვჭირდება.

საუკუნეების განმავლობაში ქალთა პოლიტიკური ბრძოლა და წინააღმდეგობა სახეს და ფორმებს იცვლიდა იმის მიხედვით, თუ რას გვიკრძალავდნენ, რას გვახვედნენ თავს და რისი მიღწევა გვინდოდა.

დღეს, ჩვენ ვერთიანდებით თვითგამოხატვისთვის, სეკულარიზმისთვის, აზრის თავისუფლებისთვის, სექსუალური თავისუფლებისთვის, გენდერული თანასწორობისთვის, რადგან ახლა გაბატონებული ქსენოფობიური, პოპულისტური, ულტრა-ნაციონალისტური ძალები ეწინააღმდეგებიან ჩვენს თავისუფლებას, ჩვენს „სხვად“ წარმოჩენას და დემონიზებას აქტიურად ცდილობენ. ამ ძალებისთვის მიუღებელია მრავალფეროვნება, ადამიანების ეთნიკური და რელიგიური თავისებურებები, სექსუალური ორიენტაცია, ჩვენი ფუნდამენტური უფლებები.

დღეს, სოლიდარობა ისევე გვჭირდება, როგორც მაშინ, როცა ხმის უფლებისთვის ვიბრძოდით და მაშინაც, როცა აღმოვაჩინეთ, რომ ჩაგვრას მრავალი განზომილება აქვს და ყველა ადამიანს უნდა მიეცეს თანაბარი შანსი თავისი პოტენციალი სრულყოფილად გამოავლინოს. ქალთა ფონდი ამ ტრანსფორმაციის მიღწევის საშუალებად ფემინისტურ ინვესტიციას მიიჩნევს - ქალებისთვის, ქალთა ჯგუფებისა და მოძრაობებისთვის.  ქალთა ერთობლივი, სოლიდარული მოქმედება კი არის ერთადერთი ეფექტური გზა იმისათვის, რომ სოციალური ცვლილებები მართლაც განხორციელდეს.

ამიტომაც, დღეს, ჩვენ ისევ ვუხმობთ ჩვენს დებს ჩაერთონ პოლიტიკურ ბრძოლაში.

ეს ბრძოლა სოლიდარობით დაიწყო და სოლიდარობით უნდა გაგრძელდეს.

 

ფესტივალის დღიური

დღე პირველი

ფესტივალის ყველა ღონისძიება მის მთავარ თემას, სოლიდარობას უკავშირდებოდა. ამიტომაც ბუნებრივია, ფესტივალი სოლიდარობაზე, მის არსსა და მნიშვნელობაზე საუბრით და შეთანხმებით დაიწყო.

ფესტივალი ეთუნა ნოღაიდელმა გახსნა თემით „რა არის სოლიდარობა?”, რაც მოგვიანებით  გაგრძელდა ანი გოგბერაშვილის მოხსენებით ზრუნვისა და სოლიდარობის პოლიტიკური მნიშვნელობის შესახებ.  

ფესტივალის პირველი დღის გამორჩეული ნაწილი იყო ე.წ. FEMx, ფონდის მიერ TEDx-ის ინსპირაციით შექმნილი შესაძლებლობა ქალებისთვის, მოკლედ გაეზიარებინათ აუდიტორიისთვის საკუთარი ცხოვრების, წარმატების, გამოცდილებების და წუხილის შესახებ.

ფესტივალის პირველ დღეს FEMx-ის სპიკერები იყვნენ: მედეა მოწყობილი, ჰურიე აბაშიძე, ანა ახალაძე და ანასტასია ქაჯაია. მათ ისაუბრეს რეგიონებში მცხოვრები ქალების, ქართველი მუსლიმი ქალების, შშმ ქალების წინაშე არსებული გამოწვევების და პროფესიებთან დაკავშირებული გენდერული სტერეოტიპების შესახებ.


პირველი დღე ფემინისტური ფესტივალის ტრადიციული აქტივობით „ცოცხალი ბიბლიოთეკა“ დასრულდა და სტუმრებს საშუალება მიეცათ სხვადასხვა შეხედულების და თაობის წარმომადგენელ ფემინისტებთან პირადად ესაუბრათ. როგორც ცნობილია, სხვადასხვა „სიძულვილის ჯგუფი“ გამიზნულად ავრცელებს მცდარ ინფორმაციას ფემინიზმზე და ქალების სტიგმატიზაციას ცდილობს. მიგვაჩნია, რომ ფემინიზმის მიმართ საზოგადოებს გაუცხოებასა და ნეგატიურ დამოკიდებულებას დიალოგის ნაკლებობა ქმნის, ამიტომაც „ცოცხალი ბიბლიოთეკა“ საუკეთესო გზაა ფემინისტებმა საკუთარი შეხედულებები თავად გაუზიარონ დაინტერესებულ ადამიანებს,

დღე მეორე

ფესტივალის მეორე დღე  დაიწყო წიგნის “sHERos - ქალები აგვისტოს ომიდან” პრეზენტაციით, რომლის ავტორებმაც, მწერალმა სალომე ბენიძემ და ფოტოგრაფმა დინა ოგანოვამ, გენდერის მკვლევართან, ნარგიზა არჯევანიძესთან ერთად ისაუბრეს ქალებზე და ომზე - როგორ აისახა საქართველოს უახლეს წარსულში მომხდარი ომები ქალებზე, მათ სხეულზე, ფსიქიკაზე, პირად სივრცეზე და ზოგადად, მათ ცხოვრებაზე.

ფემინისტურ აქტივიზმში არც ისე ბევრი ადამიანია ჩართული, თუმცა მათი ურთიერთობები მოძრაობების შიგნით ხშირად არ არის დალაგებული და უპრობლემო. ნუკრი ტაბიძემ თავის მოხსენებაში ისაუბრა აქტივისტთა ჯგუფების შიგნით არსებულ შეუთანხმებლობაზე, რაც ერთმანეთის ინდივიდუალური საჭიროებების მიმართ სოლიდარობის, კომუნიკაციის და კომპრომისის ნაკლებობის გამო იქმნება და საბოლოოდ აზიანებს იმ საერთო მიზანს, რის ირგვლივაც ჯგუფები ერთიანდებიან.

FEMx ფესტივალის მეორე დღესაც გაგრძელდა და ამჯერად ქალთა შრომაზე, ოჯახში როლების გადანაწილებაზე, ქალების შესაძლებლობების მიმართ არსებულ სკეპტიციზმზე, მწვანე და ქვიარ აქტივიზმზე ისაუბრეს - მარი კორინთელმა, მანანა ბოლქვაძემ, ალა პარუნოვამ და ირა სილანტევამ.

ფესტივალის მეორე დღე კვლავაც ტრადიციული აქტივობით, ამჯერად ბათუმის ფემინისტური ტურით დასრულდა და ტურის მონაწილეებს მიეცათ უნიკალური შესაძლებლობა ბათუმის რამდენიმე ლოკაცია მოენახულებინათ და მოესმინათ გამორჩეული აჭარელი ქალების ისტორიები.

დღე მესამე

ფესტივალის მესამე დღე სექსუალურ/რეპროდუქციულ ჯანმრთელობასა და უფლებებზე საუბრით სოფი ბერიამ, ანა ლობჟანიძემ და თამარ ფონიავამ დაიწყეს. სექსუალური და რეპროდუქციული ჯანმრთელობა და უფლებები ქალთა ფონდისთვის მნიშნელოვანი და პრიორიტეტული თემაა და საქართველოში პირველი პლატფორმა სექსუალური განათლებისთვის  - ყველაფერი შენ შესახებ - allaboutyou.ge სწორედ ფონდის დაფინანსებით შეიქმნა. მისმა ავტორმა, სოფი ბერიამ, მოგვიანებით კი ანა ლობჟანიძემ ისაუბრეს სექსუალური განათლების აუცილებლობაზე, მის ნაკლებობაზე და ამ დეფიციტით გამოწვეულ პრობლემებზე, რომელთა წინაშეც ქალები მარტო არიან. თამარ ფონიავამ კი დამსწრეებს გააცნო თავისი ფეისბუქ-ჯგუფი, რომელიც შეიქმნა ქალთა ჯანმრთელობის, მოგვიანებით კი სექსუალური საკითხების განსახილველად, რათა რაც შეიძლება მეტ ქალს  შეძლებოდა საკუთარი, საზოგადოებისგან ტაბუდადებული საკითხების გაზიარება და სხვა ქალების მხარდაჭერის მიღება.

ჩვენს კულტურაში პირად ცხოვრებას ხშირად იყენებენ ქალების წინააღმდეგ მიმართულ იარაღად. ერთ-ერთი ყველაზე უკონტროლო სივრცე, რაც მოძალადეებს დიდ შესაძლებლობებს აძლევს, არის ინტერნეტი. ამიტომ, ფესტივალის მესამე დღეს ფონდმა დრო დაუთმო ციფრული უსაფრთხოების ტრენერს, სალომე მერკვილაძეს, რომელმაც ციფრული უსაფრთხოების ვორქშოპზე დამსწრეებს გაუზიარა ონლაინ სივრცეში პირადი ინფორმაციის დაცვის ხერხები და შესაძლებლობები.

მოგვიანებით, ფესტივალს უმასპინძლა გამომცემლობამ „წიგნები ბათუმში“, სადაც გაიმართა კვლევის “ქალები ქართულ პრესაში” და ჰაინრიხ ბიოლის ფონდის მიერ მომზადებული წიგნის "ფემინისტური საკითხავი" პრეზენტაცია. წარმდგენები იყვნენ - მედია მკვლევარი ანა ბაქანიძე და გენდერის მკვლევარი მარიამ ჭანჭალეიშვილი.

ბათუმის ფესტივალი შემეცნებითი და სახალისო აქტივობით დავასრულეთ - ფემინისტური ქვიზების  მონაწილეები აქტიურად ჩაერთვნენ თამაშში, რომ სწორი პასუხები გაეცათ ქვიზის ავტორის, ნინო შანიძის მიერ მომზადებულ კითხვებზე. ვფიქრობთ, ეს აქტივობა, ერთდროულად, როგორც სახალისო, ისე ცნობიერების ამაღლების კარგი საშუალებაა და ფონდი სამომავლოდ გეგმავს მას სისტემატური ხასიათი მისცეს.

დიდ მადლობას ვუხდით ყველა მონაწილეს. ქალთა ფონდის ფემინისტური ფესტივალი ერთი წლით გემშვიდობებათ!

იხილეთ ფესტივალის ფოტოალბომი