თარიღი: 31/07/2017

ქალთა ფონდი და ფემინისტური ფესტივალი ქუთაისში

"ყველა ქალს უნდა ქონდეს საკუთარი საფულე“ - ცნობილი სუფრაჟისტის ეს ცნობილი ფრაზა (სიუზან ბ. ენთონის მიერ დაწერილი 1853 წელს) დღესაც ისევე  საკვანძოა ფემინისტების დღის წესრიგში, როგორც ადრე, რადგან ფაქტია, რომ დღესაც უამრავი ქალი, ქალთა უამრავი ჯგუფი, იმ მწირ სახსრებსაც კი, რომელიც მათთვის ხელმისაწვდომია, ვერ იყენებს საკუთარი თავისთვის, საკუთარი განვითარებისა და მდგომარეობის გაუმჯობესებისათვის და შესაბამისად ძალაუფლება ისევ და ისევ არათანაბრად ნაწილდება გენდერებს შორის.

ფემინისტური ფილანთროპიის კონცეფცია, რომელიც გასული საუკუნის ბოლოდან ვრცელდება, მთლიანად ეფუძნება მოცემულობას, რომ ზოგადად ფული, მათ შორის კი ე.წ. „ტრადიციული დონორების“ სახსრებიც პირდაპირ არ მიემართება ქალებისაკენ და მათთვის სამართლიანად განკუთვნილ თანხებს ქალები სრულად ვერ განკარგავენ.  მიუხედავად იმისა, რომ ქალთა უფლებრივი მდგომარეობა წინა საუკუნეებთან შედარებით გაუმჯობესდა, ქალებს ისევ არა აქვს საკმარისი შესაძლებლობა წინ აღუდგნენ ჩაგვრას და დაძლიონ გარიყულობა, გამოიწვიონ რეალური სოციალური ცვლილებები. რადიკალური ცვლილების მისაღწევად კი აუცილებელია,  ფინანსური რესურსი აღმოჩნდეს უშუალოდ ქალების და გოგონების ხელში და ინვესტირდეს ქალებსა და გოგონებში.  

ქალთა ფონდისთვის, რომელიც ამ კონცეფციაზე დაყრდნობით შეიქმნა საქართველოში და თავს მიიჩნევს ფემინისტური მოძრაობის ნაწილად, ცდილობს შექმნას სივრცეები, სადაც ქალთა და გოგონათა სხვადასხვა ჯგუფი შეძლებს თვითორგანიზებას და თავის წარმოჩენას, გაიაზრებს ქალთა უფლებებისთვის ბრძოლის ისტორიას, მოინდომებს თავისი გარემოს ტრანსფორმაციას და გახდება ცვლილებების აგენტი.

ქალთა ფონდი თავის ვალდებულებად მიიჩნევს საკუთარი ფინანსური რესურსი მოახმაროს ისეთი შესაძლებლობის შექმნას, რომელიც ქალებს კიდევ უფრო ნათლად დაგვანახებს ქალთა ბრძოლის უწყვეტობას, ამ ბრძოლაში ერთიანობის მნიშვნელოვან მაგალითებს და ჩვენი სოლიდარობის ძალას, მით უმეტეს მაშინ, როცა ამისათვის მრავალი ხელშემშლელი პირობა არსებობს, გარედან თავსმოხვეული, თუ შიგნით, მოძრაობაში წარმოქმნილი.

როცა მუშაობის გარკვეულ პერიოდს ვაჯამებთ, ყოველთვის თვალსაჩინოდ გამოიკვეთება, ქალების და გოგონების რა კონკრეტულ საჭიროებებს პასუხობს ფონდი, რომელი მწვავე პრობლემების გადაჭრისკენ მიემართება მისი რესურსი (რომელიც ასევე დიდი არ არის, იგივე მიზეზის გამო), და რაც მთავარია რას აღწევს ის ამ გზაზე, ან თუნდაც ცვლილების რა პერსპექტივებს ააშკარავებს.

ფემინისტური ფესტივალი ქუთაისში სწორედ ერთი მაგალითია ფონდის მიერ მხარდაჭერილი საქმეების ერთი მცირე ნაწილის დასანახად, რომელიც აზრობრივად ერთი  „ქუდის“  ქვეშ გაერთიანდა. ეს გამაერთიანებელი  დღეს გახდა „ხმა ქართველი ქალისა“, რომელიც პირველად საუკუნის წინ გაისმა, საჯაროდ მხოლოდ 2 წელი ისმოდა, მაგრამ დაგვიტოვა მკაფიოდ დასმული ბევრი საკითხი და საფიქრალი, პასუხი გასცა ქალთა უუფლებობის და ჩაგვრის მრავალ მიზეზს. დღეს ქალთა უფლებების დამცველები, გენდერის მკვლევარები, ფემინისტი აქტივისტები და არტივისტები ამ ხმის რეზონატორები არიან,  ქალის სათქმელის გამხმოვანებლები არიან თავთავიანთი მედიუმებით.მათ ერთ ნაწილს ქუთაისში პირველმა ფემინისტურმა ფესტივალმა 2017 წლის  5-7 აპრილს მოუყარა თავი - პირველი ფემინისტური გაზეთის 100 წლისთავის აღსანიშნად.

ფესტივალის მხარდამჭერები: გაეროს განვითარების პროგრამა, ქალთა გლობალური ფონდი, ჰოლანდიური ქალთა ფონდი "მამა ქეში", ქუთაისის მერია.

 

დღე პირველი

ფემინისტური ფესტივალის სამი დღე სხვადასხვაგვარი ღონისძიებებით იყო დატვირთული. თითოეული მათგანი ქალების სისტემური ჩაგვრის და დისკრიმინაციის სხვადასხვა ფორმას ეხმიანებოდა. ფესტივალზე განხილულ პრობლემებზე გაზეთის „ხმა ქართველი ქალისა“ სტატიების ავტორი ქალები ჯერ კიდევ წინა საუკუნეში წერდნენ, რაც მათი მხრიდან დიდ გამბედაობას და სიმამაცეს მოითხოვდა.

ფესტივალის პირველი დღე დაიწყო სამეცნიერო-პუბლიცისტური ელექტრონული ჟურნალის “ხმა ქართველი ქალისა - ასი წლის შემდეგ” პრეზენტაციით. ჟურნალი თსუ გენდერის კვლევის ინსტიტუტის მიერ, ქალთა ფონდის მხარდაჭერით შეიქმნა და „წარმოადგენს სივრცეს თანამედროვე ფემინისტური, ინტერდისციპლინური აკადემიური ნააზრევისთვის. პუბლიკაციის მიზანია საქართველოში გენდერის კვლევაში შექმნილი ცოდნის გამდიდრება, გამრავალფეროვნება და ადგილობრივი პერსპექტივის წარმოჩენით მისი ინტეგრაცია საერთაშორისო ფემინისტურ ნააზრევში. ჟუნრალის პირველი ნომერი მთლიანად ეთმობა გაზეთის „ხმა ქართველი ქალისა“ ასი წლის იუბილეს, იმ თემებსა და მათ გადააზრებას, რომელზეც საუკუნის წინ აქტიურად მსჯელობდნენ ქართველი ფემინისტები” - ელექტრონული ჟურნალი ფესტივალზე მარიანა უნაფქოშვილმა წარადგინა.

რატომ გვჭირდება ქალთა ისტორია, რით განსხვავდება ის დომინანტური ისტორიული ნარატივებისგან და როგორ უნდა მოხვდეს ქალების ისტორიების ინტეგრაცია დომინანტურ ისტორიულ დისკურსში? „ქალები დიდწილად განდევნილნი არიან ისტორიიდან“ - აღნიშნა მაია ტაბიძემ, თავის მოხსენებაში "წარსულის რეპრეზენტაცია ქართულ ფემინისტურ ნააზრევში“. მკვლევარის თქმით, ჩვენი ისტორია რეალურად მეფეების, დიდგვაროვნების, გმირების და სხვა პრივილეგირებული ჯგუფების ისტორიაა, ქალები კი ამ ჯგუფებს არასოდეს მიეკუთვნებოდნენ. ისინი უმეტესად, არ გვევლინებიან აქტორებად და რჩებიან მეორეხარისხოვან როლში, როგორიცაა დიასახლისი და ცოლი. მოხსენების შემდგომ, პანელ-დისკუსიის მონაწილეებმა და დამსწრეებმა იმსჯელეს, როგორ უნდა მოვყვეთ ქალების ისტორიები და რა ფორმით არის შესაძლებელი მისი ინტეგრირება დომინანტურ ნარატივთან.

შედარებით ახლო წარსულზე და ქალების უცვლელ, მეორეხარისხოვან როლზე გაამახვილა ყურადღება ლელა გაფრინდაშვილმა თავის მოხსენებაში „წერა, ბედისწერა და ქალების მიმოწერა“, რომელიც გასული საუკუნის რეპრესიებს, მწერალ ქალებს და მათ მიმართ პატრიარქატის დამოკიდებულებას ეხებოდა. „ბოლშევიკები ქალებს, მათ შორის შემოქმედ ქალებს სერიოზულად არ უყურებდნენ, ქალებს ისინი განიხილავენ, როგორც პასიურ მატერიას, რომელსაც შეიძლება სული ჰქონდეს რაღაც მომენტში, მაშინ, როცა მსხვერპლ მამაკაცებს სჭირდებათ დატირება და დასაფლავება“. 

წელს კი, ჩვენმა თანამედროვე ქალებმა მასობრივად დაიწყეს საკუთარი ისტორიების მოყოლა, რომლის მთავარი გმირებიც თავად არიან. 150 ასეთი ქალის ამბავი სოციალურ ქსელში სულ რამდენიმე თვის წინ შექმნილ გვერდზე „ქალები საქართველოდან“ გაერთიანდა, შემდეგ კი წიგნად გამოიცა. ყველა ისტორია უნიკალურია, მათ მიღმა კი სხვადასხვა ჯგუფის და გამოცდილების მქონე ქალები დგანან საერთო პრობლემებით: სტერეოტიპები, ადრეული ქორწინება, სექსუალური ძალადობა, შევიწროება, დისკრიმინაცია, ეკონომიკური სიდუხჭირე, შეზღუდული წვდომა განათლებაზე, კარიერულ წინსვლაზე, თვითრეალიზაციაზე, სერვისებზე და სხვა მრავალი.

პროექტის „ქალები საქართველოდან“ ავტორებმა, მაია ჩიტაიამ, ნინო გამისონიამ და იდა ბახტურიძემ ფესტივალის მონაწილეებს უამბეს, თუ როგორ აგროვებდნენ ამ ისტორიებს მთელი საქართველოს მასშტაბით, რა დაბრკოლებებს გაუმკლავდნენ და როგორ გააერთიანა პროექტმა ქალები საერთო პრობლემების ირგვლივ.

გოგონების ისტორიების ფირზე ასახვა იყო 2016 წელს, ქალთა ფონდის  დაფინანსებით, სალომე კერესელიძის მიერ გადაღებული დოკუმენტური ფილმის „გოგონათა მხატვრული სახეები“ მთავარი მიზანი. ფილმის გმირები განსხვავებული ცხოვრების სტილის, ორიენტაციის თუ შეხედულებების გამო პატრიარქალური საზოგადოების წნეხს განიცდიან და ხშირ შემთხვევაში, საკუთარი თავის რეალიზაციასაც ვერ ახერხებენ.

არსებობს ისტორიები, რომლებიც მომავალში უნდა მოხდეს, რადგან ქალების ცხოვრების მნიშნელოვანი ამბების წინასწარ განსაზღვრისკენ საზოგადოება გაცნობიერებულად თუ გაუცნობიერებლად ყოველთვის ისწრაფვის.  რა არის ქალური ბედნიერება, რომელიც ქმნის წარმოდგენებს იდეალურ ქალზე? რატომ არის მიჩნეული ვარდისფერი გოგოების ფერად და რატომ მოსდევს გოგოს დაბადებას დუმილი? როგორ იჭრება რიგი კულტურული, სოციალური და ეკონომიკური პრობლემებისა ქალების ცხოვრებაში და უზღუდავს თვითრეალიზაციას?

სწორედ ამ საკითხებს და მათ ირონიზებას ეძღვნებოდა ფესტივალის ფარგლებში გამართული ლია უკლებას, ლუიზა ლაფერაძის, თამო ხმიადაშვილის ნადია წულუკიძის და ლალი პერტენავას ნამუშევრების გამოფენა „ქალთა ბედნიერება“.  

“როცა ასე ძალადობენ შენზე, ჩემთვის სრულიად გამართლებულია აგრესიულად მოქცევა. ამ აგრესიით მას გასწევ შენი სივრციდან“ – აღნიშნა ნადია წულუკიძემ. (წყარო:ნეტგაზეთი)

 

დღე მეორე

აგრესია საზოგადოებისთვის მკაფიოდ მასკულინური მახასიათებელია. ის მამაკაცებისგან ბუნებრივი, ხშირად კი  სრულიად მისაღები ქცევაა, ხოლო ქალების მხრიდან ბრაზის გამოვლენა შეუფერებელ, არაადეკვატურ მოვლენად ითვლება. როგორც თამარ ცხადაძემ თავის მოხსენებაში "ტკივილი და ბრაზი ფემინისტურ პოლიტიკაში“ აღნიშნა ქალების შემთხვევაში მთავარი აქცენტი სწორედ „გაბრაზებაზე“ კეთდება და არა ამ ბრაზის გამომწვევ მიზეზებზე, შედეგად, მოკამათეები ცდილობენ დაამშვიდონ ქალი და არ ჩაუღრმავდნენ მიზეზებს.

„მშვიდი, ფემინური და სუსტია რევოლუციამდელი ქალი, რომლის ერთადერთი ფუნქცია მამაკაცების მოხიბვლაა“ - 1920-იანი წლების „ახალ საბჭოთა ქალზე“, მოლოდინებზე, რეალობასა და მათ რეპრეზენტაციაზე სალომე ცოფურაშვილმა ისაუბრა საბჭოთა კინემატოგრაფის მაგალითების მოხმობით და განმარტა მიზეზები, თუ რატომ უშლიდნენ კომუნისტები თავიანთ ცოლებს აქტიურად გამოსულიყვნენ საზოგადოებრივ ასპარეზზე.

საჯარო სივრციდან ქალების გაძევების საკითხი დღესაც აქტუალური პრობლემაა. საჯარო სივრცეები დღემდე მამაკაცების ინტერესებზე უფრო მეტადაა მორგებული, ქუჩები, პარკები და სხვა მნიშვნელოვანი პუნქტები, ძირითადად, მამაკაცის სახელებს ატარებს, ქალების მიღწევებს კი გაცილებით მალე ივიწყებენ. სწორედ ამ პრობლემებს ეხება ჰაინრიხ ბიოლის სამხრეთ კავკასიის ბიუროს მიერ მომზადებული პუბლიკაცია „ბროლა საჯარო სივრცისთვის“, რომელიც ფესტივალზე ეთუნა ნოღაიდელმა წარმოადგინა. ხოლო კრებულის „კატო მიქელაძე - ქართული ფემინიზმის უცნობი ისტორიები“ მეორე გამოცემა წარმოადგინა ფემინისტმა მწერალმა თამთა მელაშვილმა, რომელმაც წიგნში თავი მოუყარა კატო მიქელაძის მრავალმხრივი შემოქმედების საინტერესო ნიმუშებს (პუბლიცისტური სტატიები, პირადი წერილები, ლექსები და სხვ.) 

თამთა მელაშვილი ასევე გაუძღვა ქუთაისის ფემინისტურ ტურს, რომელიც მისი პროექტია და მოიცავს იმ ადგილებს, რომლებიც სხვადასხვა კუთხით უკავშირდება ქუთაისში ფემინისტების სახელებს და  მათ საქმიანობას მე-19 საუკუნის ბოლოსა და მე-20 საუკუნის დასაწყისში. ტური დაიწყო ქუთაისის ოპერის თეატრიდან და დასრულდა თეთრ ხიდზე. ტურის მონაწილეებმა მოინახულეს ადგილები და მოისმინეს ამ ადგილებთან დაკავშირებული საინტერესო ისტორიები - „სცენისმოყვარეთა დრამწრეზე“, ქუთაისის ქალთა გიმნაზიაზე, გაზეთზე „ხმა ქართველი ქალისა“, ქუთაისის ქალთა საერთო პოლიტიკური კლუბზე, გვირილობის დღესასწაულზე და სხვა. ქუთაისის ცენტრში შეკრებილი ფემინისტებისთვის ეს ტური იყო შთამაგონებელი მოგზაურობა წარსულში,  ძალიან ემოციური და ამაღელვებელი შეხვედრა ფემინისტ წინაპრებთან.

გასული საუკუნის ბოლოსკენ, 90-იანი წლების შემდგომ პერიოდში, ქალები უფრო აქტიურად ჩაერთვნენ საზოგადოებრივ ცხოვრებაში, განსაკუთრებით სამოქალაქო სექტორში. ქალებს ასევე მრავალი სხვა საქმიანობის შეთავსებაც მოუწიათ, როგორიცაა ვაჭრობის წამოწყება, თვითდასაქმება, დემონსტრაციებში მონაწილეობა, თუმცა ისინი რჩებოდნენ ფორმალური პოლიტიკის მიღმა და პოლიტიკური პარტიების ლიდერების მხოლოდ 5-7% თუ იყო ქალი. 1990-იანი წლების შემდეგ ქალთა პოლიტიკური წარმომადგენლობის ამ და სხვა საკითხებზე ქეთა ჩხეიძემ ისაუბრა.

დღის ბოლოს, პირველი ქართველი ფემინისტების ისტორიები ჯერ გორის ახალგაზრდა ფემინისტებმა ინსტალაციის სახით, მანეკენების, ხმისა და განათებების გამოყენებით გააცოცხლეს, შემდგომ კი ნატალია ბერიძემ,  პანტომიმის ახალგაზრდა მსახიობებთან ერთად.

 

დღე მესამე

ფესტივალის მესამე დღე ნათია ქარჩილაძის მოხსენებით "მძიმე მრეწველობაში დასაქმებული ქალები: ჭიათურის მაგალითი" დაიწყო. „ოფიციალური სტატისტიკის თანახმად, ბოლო 5 წლის განმავლობაში 202 ადამიანი დაიღუპა შრომის ადგილას, ორჯერ მეტმა კი მძიმე შრომითი დაზიანება მიიღო. არაოფიციალური სტატისტიკით ეს რიცხვები შესაძლოა გაცილებით მაღალი იყოს“, რაც შეეხება ქალებს, ისინი, ძირითადად, მრეცხავების ან დამლაგებლების ფუნქციას ასრულებენ და უმეტესობა მაღაროს ზედაპირზე მიმდინარე სამუშაოებში არიან ჩართულნი. შესაბამისად, მათი ანაზღაურება გაცილებით დაბალია, ხოლო აუნაზღაურებელი, უხილავი შრომა საკმაოდ მაღალი, რის გამოც, საღამოობით, მამაკაცებისგან განსხვავებით, სხვა აქტივობებში მონაწილეობას ვერ ახერხებენ.

10 ქუთაისელი, ეთნიკური და სექსუალური უმცირესობების წარმომადგენელი, სოციალურად დაუცველი, შშმ და ძალადობის მსხვერპლი ქალის ისტორიები, რომელთა უმეტესობაც უსახლკარობის გამო ვაგონებსა თუ ფიცრულებში ცხოვრობს, მოთხრობილია წიგნში „ასფალტის ქალები“. წიგნისა და ქალთა შრომის შესახებ ქუთაისში ვრცლად ქალთა ფონდის გრანტის მიმღებმა, ქეთი ბერძენიშვილმა ისაუბრა.

მემარცხენე ფემინისტური ჯგუფის „ქალთა მზერის“ წევრებმა კი ისაუბრეს ჯგუფის სტრატეგიაზე, თუ როგორ აპირებენ თავიანთი ხმა მიაწვდინონ რაც შეიძლება მეტ ქალს და ფესტივალის მონაწილეებს წარუდგინეს ბეჭდური გაზეთის „ქალთა მზერა“ პირველი ნომერი, რომელიც ასევე ქალთა ფონდის მხარდაჭერით დაიბეჭდა.

მძიმე შრომა და მძიმე გარემო პირობები განსაკუთრებით მძაფრად აისახება ქალის ჯანმრთელობაზე. დაბინძურებასა და კლიმატის ცვლილებაში მნიშვნელოვანი წვლილი ცხოველთა ფერმებსაც შეაქვთ, სადაც ცხოველებზე ძალადობა ყველასთვის ცნობილი და კარგად გავრცელებული პრაქტიკაა. ნათია კვანტალიანმა ვეგანური ფემინიზმის შესახებ მოხსენებისას ისაუბრა, თუ როგორ ხდებიან განსაკუთრებული ექსპლუატაციის მსხვერპლნი მდედრი ცხოველები და როგორც შეუძლია თითოეულ ადამიანს ცხოველურ პროდუქტებზე უარის თქმით დედამიწისთვის მიყენებული ზიანის შემცირება.

მესამე დღის ბოლოს, შვედეთის საელჩოს, შვედური ინსტიტუტისა და ქუთაისის მერიის მხარდაჭერით, ლ. მესხიშვილის სახელობის თეატრის მცირე სცენაზე გაიმართა საერთაშორისო დოკუმენტური სპექტაკლი „შვიდი“. სპექტაკლი სხვადასხვა ეროვნების 7 ქალზე მოგვითხრობს, რომლებიც თავიანთ ქვეყნებში გენდერული ნიშნით ძალადობისა და დისკრიმინაციის მსხვერპლნი იყვნენ, შემდგომში კი ქალთა უფლებებისთვის ბრძოლა დაიწყეს და თავიანთი ცხოვრება რადიკალურად შეცვალეს. ქუთაისში სპექტაკლის დამდგმელი რეჟისორი გახლდათ ინგა მესხორაძე, პიესის მკითხველები - ლია უკლება, ლელა სებუა, ნინო თვალთვაძე, თეა ადეიშვილი, ესმა ხეცურიანი, მარიტა როხვაძე და სალომე კუპატაშვილი.

ფესტივალი დასრულდა. დატვირთული სამი დღის განმავლობაში ფესტივალმა შეძლო ქუთაისში შეეკრიბა სხვადასხვა თაობის და იდეოლოგიის ფემინისტების ნაწილი, ეზეიმა ფემინისტური გაზეთის ასი წლისთავი, სამსჯელოდ გამოეტანა საკითხები, რომლებიც  განაპირობებენ და წარმართავენ ქალის დღევანდელ მდგომარეობას, და ფესტივალის მონაწილეებისთვის შეექმნა საინტერესო, მხიარული და დასამახსოვრებელი გარემო.

 

ქალთა ფონდი დიდ მადლობას უხდის ყველას მონაწილეობისათვის!