თარიღი: 10/11/2023

ფემინსტრიმის ახალი სეზონი

„ფემინსტრიმი“ ახალ სეზონს იწყებს და ეძებს ავტორებს საქართველოს რეგიონებიდან! 


ქალთა ფონდი საქართველოში აგრძელებს პროექტს „ფემინსტრიმი“, რომლის ფინანსური მხარდამჭერია „შვედეთის საერთაშორისო განვითარების თანამშრომლობის სააგენტო (SIDA) “. 
პროექტი ემსახურება ქალთა უფლებების შესახებ ცნობიერების ამაღლებას, გენდერული თანასწორობის შესახებ ცოდნისა და მგრძნობელობის გაზრდას, ქალთა შთაგონებასა და სოლიდარობას. 


ფემინსტრიმი გთავაზობთ პოდკასტებს, სადაც ავტორები საუბრობენ ფემინიზმთან და ქალთა უფლებებთან დაკავშირებულ სხვადასხვა საკითხზე. ახალი სეზონიდან კი ვეძებთ ავტორებს საქართველოს რეგიონებიდან, რომლებიც ისაუბრებენ ფემინისტურ მოძრაობაზე საქართველოში, ადგილობრივ გამოწვევებსა და მობილიზაციის სტრატეგიებზე. 


შემოთავაზებული საკითხები შეიძლება იყოს: 

  • რეგიონული ფემინისტური/ქალთა მოძრაობები საქართველოს სხვადასხვა ქალაქსა და თემში; 
  • ზრუნვის პრაქტიკები საქართველოს რეგიონებში - საჭიროებები, დინამიკა და გამოწვევები;  
  • შიდა მიგრაციის გენდერული ასპექტები - შრომითი მიგრაცია, ეკომიგრაცია, ქვიარ ჯგუფების მიგრაცია; 
  • ინტერსექციული მიდგომის დანერგვის მნიშვნელობა აქტივიზმისა და მოძრაობისთვის (ადგილობრივი ფემინისტური, გარემოსდაცვითი, შრომითი, კულტურული, საგანმანათლებლო ინიციატივების თანაკვეთა); 
  • ფემინისტური პოლიტიკა საქართველოს რეგიონებში - რესურსებზე თანაბარი წვდომა და პოლიტიკური მონაწილეობა ქალებისა და სხვა უჩინარი ჯგუფებისთვის; 
  • ანტიგენდერული მოძრაობების აღმასვლა საქართველოს რეგიონებში - მობილიზაცია და წინააღმდეგობის სტრატეგიები. 

ასევე, განვიხილავთ საქართველოში რეგიონულ ფემინისტურ მობილიზაციასთან დაკავშირებულ სხვა შემოთავაზებებსაც. 


კონკურსის შედეგად შეირჩევა 4 ავტორი. თითოეული მოამზადებს ოთხ პოდკასტს. ავტორებმა უნდა წარმოადგინონ ოთხივე პოდკასტის კონცეფცია - რა თემაზე იქნება საუბარი პოდკასტში, ვინ იქნებიან რესპონდენტები (ასეთის არსებობის შემთხვევაში). 


პოდკასტები განთავსდება „ფემინსტრიმის“ Facebook-სა და Youtube გვერდებზე, ასევე, Soundcloud-ზე, Spotify-სა და სხვა პლატფორმებზე. პოდკასტების ტექსტური ვერსია განთავსდება პუბლიკა • Publika-სა და Women's Fund in Georgia-ს ვებ გვერდებზე. 


პროექტის ხანგრძლივობა: 4 თვე. 
ანაზღაურება: თითოეული პოდკასტისთვის 780 ლარი (დარიცხული). 


დაინტერესების შემთხვევაში, გთხოვთ გამოგვიგზავნოთ CV, მოკლე სამოტივაციო წერილი, თქვენ მიერ შერჩეული თემა და 4 პოდკასტის კონცეფცია შემდეგ მისამართზე: Feminstream@gmail.com 
სათაურის ველში მიუთითეთ: პოდკასტების ავტორი. 
განაცხადის მიღების ბოლო ვადა: 27 ნოემბერი, 2023. 
პროექტის შესახებ დამატებითი ინფორმაციის მისაღებად იხილეთ ბმული: http://womenfundgeorgia.org/ka/News/Feminstream