თარიღი: 03/08/2023

ქალთა ფონდის პროექტის გარე შეფასება

“ქალთა ფონდი საქართველოში” ეძებს მკვლევარს და/ან მკვლევართა ჯგუფს პროექტის ოთხწლიანი შედეგის შესაფასებლად. პროექტი “სექსუალური და რეპროდუქციული ჯანმრთელობისა და უფლებების განვითარების ახალი პერსპექტივები საქართველოში” 2020-2023 წლებს მოიცავს და ქალთა ფონდმა ის “სექსუალური განათლების შვედური ასოციაციის” (RFSU) ფინანსური მხარდაჭერით განახორციელა. 

 

ინფორმაცია ორგანიზაციის შესახებ

ქალთა ფონდი საქართველოში (WFG) ადგილობრივი, ფემინისტური გრანტისგამცემი ორგანიზაციაა, რომელიც მხარს უჭერს საქართველოში მოქმედ ქალთა ჯგუფებსა და ორგანიზაციებს ფინანსური, ტექნიკური და უნარების განვითარების თვალსაზრისით. ფონდის სამიზნე ჯგუფია ქალები, გოგოები, ტრანს ადამიანები და განსაკუთრებით მათი ის ნაწილი, ვისაც ყველაზე ნაკლებად მიუწვდება ხელი რესურსებზე. ფონდის ინიციატივები მიმართულია ქალთა და სხვა მოწყვლადი ჯგუფებისთვის თავისუფალი, უსაფრთხო და სამართლიანი გარემოს შესაქმნელად. ფონდი აგრეთვე მხარს უჭერს სოციალურ მოძრაობებს შორის სოლიდარობის გაჩენასა და ძალისხმევის გაერთიანებას.

 

პროექტის შესახებ

პროექტი “სექსუალური და რეპროდუქციული ჯანმრთელობისა და უფლებების განვითარების ახალი პერსპექტივები საქართველოში” 2020 წელს დაიწყო და მიზნად ისახავდა SRHR საკითხების ინტეგრირებას როგორც ეროვნულ, ისე ადგილობრივი თვითმმართველობის დღის წესრიგებში. ამ მიზნის მისაღწევად, პროექტის არსებითი კომპონენტი იყო ინტერსექციული ფემინისტური მიდგომის გამოყენება, საკითხის ირგვლივ ადგილობრივი აქტორების (რეგიონებში მოქმედი ა/ო-ების, მუნიციპალიტეტების გენდერული თანასწორობის საბჭოების, რეგიონული მედიის) მობილიზება და პოლიტიკის დონეზე სექტორთაშორისი თანამშრომლობა. პროექტის აღსრულებაში ქალთა ფონდთან ერთად მონაწილეობას იღებდა SRHR ადვოკატების არაფორმალური ჯგუფი.

პროექტის განმავლობაში ჩატარდა შემდეგი ღონისძიებები: ტრენერთა ტრენინგი ქალთა სექსუალურ და რეპროდუქციულ ჯანმრთელობასა და უფლებებზე, რა დროსაც გადამზადდა 15 მონაწილე საქართველოს სხვადასხვა რეგიონიდან; შეიქმნა ტრენინგის სახელმძღვანელო; თბილისსა და რეგიონებში გაიცა 22 მცირე გრანტი ქალთა სექსუალური და რეპროდუქციული ჯანმრთელობისა და უფლებების მხარდასაჭერად; ჩატარდა 9 შეხვედრა საქართველოს სხვადასხვა მუნიციპალიტეტის გენდერული თანასწორობის საბჭოებთან და ადგილობრივ არასამთავრობო ორგანიზაციებთან; 5 ვებინარი SRHR საკითხების შესახებ ცოდნის გასაღრმავებლად; 10-მდე საინფორმაციო ვიდეო აღნიშნულ თემაზე.

გარე შემფასებელი (შემფასებლები) შესაბამის მეთოდოლოგიაზე დაყრდნობით, გრანტის მიმღებებთან და პროექტის სამიზნე ჯგუფებთან ინტერვიუების საფუძველზე, ორგანიზაციის მიერ მოწოდებული მონაცემების, გამოქვეყნებული მასალისა და სხვა წყაროების მეშვეობით, შეაფასებს პროექტის გრძელვადიანი ინდიკატორების შესრულებასა და მის გავლენას სამიზნე ჯგუფზე. გარე შეფასება წარმოადგენს პროექტის საბოლოო შეფასებას და ემსახურება იმის შემოწმებას, თუ რამდენად მიაღწია მან დასახულ მიზნებს ინდიკატორებთან და ლოგიკურ ჩარჩოსთან მიმართებით. შემფასებელი (შემფასებელთა ჯგუფი) აგრეთვე მოამზადებს რეკომენდაციებს, რომელთა გამოყენებაც შესაძლებელი იქნება პროექტის განმახორციელებლების მიერ.

 

მთავარი კითხვები, რომელზეც შეფასებისას უნდა გაეცეს პასუხი:

1. რამდენად ვალიდური იყო პროგრამის ამოცანები?

2. შეესაბამებოდა თუ არა პროგრამის აქტივობები და მოკლევადიანი შედეგები საერთო მიზანს და მისი ამოცანების, დაგეგმილი ზემოქმედებისა და გავლენის მიღწევას?

3. იყო თუ არა აქტივობები ხარჯთეფექტური? იყო თუ არა ეს მათი განხორციელების ყველაზე ეფექტური გზა?

4. რეალურად რა შეცვალა აქტივობამ სამიზნე ჯგუფისთვის? რამდენ ადამიანზე მოახდინა გავლენა?

5. რამდენად შეიძლება გაგრძელდეს პროგრამის ან პროექტის სარგებელი მისი დასრულების შემდეგ?

 

სამუშაოს აღწერა:

“ქალთა ფონდი საქართველოში” ეძებს შემფასებლს ან შემფასებელთა ჯგუფს ფონდის შიდა პროექტის - “სექსუალური და რეპროდუქციული ჯანმრთელობისა და უფლებების განვითარების ახალი პერსპექტივები საქართველოში” გავლენის შესაფასებლად. გარე შეფასების მიზანია, ჩაატაროს ობიექტური ანალიზი იმ აქტივობების სპექტრისა, რომლებიც ქალთა ფონდმა, SRHR ადვოკატების არაფორმალურ ჯგუფთან და გრანტის მიმღებ 22 პარტნიორთან ერთად, განახორციელა მიზნების მისაღწევად და შეიმუშაოს რეკომენდაციები შემდგომი განვითარებისთვის. შეფასება განხორციელდება გარე შემფასებლ(ებ)ის - კვალიფიციური ექსპერტ(ებ)ის მიერ და მოიცავს შემდეგ ეტაპებს:

  • შეფასების მეთოდოლოგიის შემუშავება

  • მონაცემთა შეგროვება

  • მონაცემთა ანალიზი

  • შეფასების საბოლოო ანგარიშის წარდგენა (ქართულ და ინგლისურ ენებზე)

  • შეფასების ძირითადი დასკვნების წარდგენა ქალთა ფონდის თანამშრომლებისა და დირექტორთა საბჭოსთვის.

კანდიდატ(ებ)ს შეარჩევს ფონდის დირექცია და მოწვეულნი იქნებიან გასაუბრებაზე. საბოლოო გადაწყვეტილება მიიღება შემფასებლის (ან შემფასებელთა გუნდის) გამოცდილებისა და WFG-ის მუშაობის სპეციფიკის გათვალისწინებით, შეფასების შემოთავაზებული მეთოდოლოგიის საფუძველზე. შერჩეული კანდიდატ(ებ)ი მუშაობას 2023 წლის სექტემბრიდან დაიწყებენ და შეაფასებენ ოთხწლიანი პროექტის გავლენას.

 

შეფასების საბოლოო ანგარიშის წარდგენის ვადაა: 2024 წლის 22 იანვარი.

ანაზღაურება: 5000-დან 6000 ლარამდე.

 

საჭირო კვალიფიკაცია და გამოცდილება:

  • უპირატესობა მიენიჭება ფემინისტური და ადამიანის უფლებებზე ორიენტირებული დონორების მიერ დაფინანსებული პროექტების შეფასების გამოცდილებას;

  • საპროექტო ციკლის სპეციფიკის, ცვლილების თეორიის, ლოგიკური ჩარჩოს, შედეგების ჯაჭვის ცოდნა;

  • გენდერთან დაკავშირებული, განვითარების პროექტებისა და პროგრამების შეფასების გამოცდილება;

  • მონიტორინგის, ევალუაციისა და სწავლების (MEL) მეთოდოლოგიის შემუშავებისა და პროექტის MEL სისტემების წარმატებული მართვის გამოცდილება, კვლევის დიზაინი და განხორციელება;

  • რაოდენობრივი და თვისებრივი შეფასების ასპექტებისა და მონაწილეობითი შეფასების მეთოდოლოგიების ცოდნა;

  • შემდეგი წყაროებიდან მონაცემთა შეგროვების გამოცდილება: გამოკითხვები, ნახევრად სტრუქტურირებული ინტერვიუები, ფოკუს ჯგუფები და სხვა მეთოდები;

  • მონაცემთა დამუშავებისთვის საჭირო სხვადასხვა სისტემის ცოდნა;

  • მივლინებებისთვის მზადყოფნა;

  • დავალებების დამოუკიდებლად დაგეგმვისა და მართვის უნარი;

  • კარგი ინტერპერსონალური და კომუნიკაციის უნარი;

  • ქართული და ინგლისური ენების თავისუფლად ფლობა;

  • დავალებასთან დაკავშირებული დოკუმენტების შემუშავების უნარი როგორც ქართულ, ასევე ინგლისურ ენებზე;

  • ძლიერი პროფესიული და პიროვნული ეთიკა;

  • ეთნიკური, რელიგიური, გენდერული, სექსუალური და სხვა მრავალფეროვნების პატივისცემა;

  • გენდერული სენსიტიურობა და ქალთა უფლებების პატივისცემა.

 

განაცხადების წარდგენა:

დაინტერესებულმა პირებმა, ორგანიზაციებმა, და/ან კომპანიებმა უნდა წარმოადგინონ შემდეგი დოკუმენტები:

1. ტექნიკური განაცხადი (შეფასების მეთოდოლოგიისა და ვადების ჩათვლით და შესაბამისი გამოცდილების მითითებით);

2. ტექნიკური განაცხადის ბიუჯეტი (ყველა საჭირო კომპონენტისთვის ცალ-ცალკე)

3. რეზიუმე (ინდივიდუალუალური ექსპერტის შემთხვევაში)

4. კომპეტენციების შესახებ განაცხადი (ორგანიზაციის/კომპანიის შემთხვევაში)

5. ორი რეკომენდაცია

ყველა დოკუმენტი უნდა გამოიგზავნოს მისამართზე: info@womenfundgeorgia.org არაუგვიანეს 4 სექტემბრისა, 2023. სათაურის ველში გთხოვთ, მიუთითოთ “პროექტის გარე შემფასებელი”.